ახალი ამბები

ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს

18 იანვარი, 2021 • 1372
ვაშაძე ენმ-ის გარეშე ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე საუბრობს

“ფორმულას” ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებელი” “მესამე პოლიტიკურ ცენტრის შესაქმნელად” კონსულტაციებს აწარმოებს, მათ შორის, “ლელოსთან” და “ევროპულ საქართველოსთან”.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დაწყებულია მუშაობა “მსგავსი შეხედულების მქონე პოლიტიკურ ძალებთან”, ისევე როგორც პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ცალკეულ პირებთან, ვინც შესაძლებელია, “სტრატეგია აღმაშენებელში” გაერთიანდნენ.

“დაახლოებით ვიცით, ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ. უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალს მოგახსენებთ”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლაშა დამენიას თქმით, ორპოლუსიანობის გარღვევა როგორც “ევროპული საქართველოს”, ასევე, საქართველოს საზოგადოების მიზანია, ვინაიდან მხოლოდ ასე შეიძლება “ქართული ოცნების” დამარცხება.

“უბრალოდ, “მესამე ძალა” საკმაოდ უხეშად სათქმელია — ეს უნდა იყოს ალტერნატივა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ და ამ მსხვილ გაერთიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, უბრალოდ, ჯერ კონტურები ჩანს, მაგრამ თამამად ამაზე საუბარი ნაადრევია”, – განაცხადა დამენიამ.

კონსულტაციების შესახებ არ საუბრობს “ლელო”. საბა ბუაძის თქმით კი, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე და მხოლოდ შემდეგ “იქნება საშუალება, საზოგადოებას სამომავლო სტრატეგიაზე პოზიცია გააცნონ”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური ძალები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე კონსულტაციებს აწარმოებენ, “ნეტგაზეთს” “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დაუდასტურა.

“მესამე ცენტრი იმიტომ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არის მოაზრებული ამ პროცესში”, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, საუბარია როგორც სტრატეგიულად საერთო პროგრამების ჩამოყალიბებაზე, ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში “პარტნიორულ მონაწილეობაზე” და გრძელვადიან კონსოლიდაციაზე მესამე ცენტრის გარშემო.

“ბევრთან ვსაუბრობთ მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით — როგორც პარტიებთან, ასევე, ცალკეულ ექსპერტებთან. ეს ერთადერთი გზაა, რომ შევცვალოთ ორპოლუსიანი პარადიგმა და შევცვალოთ ხელისუფლება, იმიტომ, რომ სხვაგვარად ხელისუფლება არ იცვლება. არ მინდა კონკრეტულად დავასახელო — ვიღაცასთან მეტი გვაქვს ნასაუბრები, ვიღაცასთან ნაკლები -და წინასწარ განცხადებების გაკეთება არასწორი იქნება. თებერვლისკენ გამოიკვეთება გარკვეული კონტურები”, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, მას საუბარი ჰქონდა აშშ-ში სხვადასხვა წრეებთან და “დასავლეთის მხრიდან მძლავრი ინტერესია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი ცენტრი, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება დასავლეთის მხრიდან”.

ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატორი მხოლოდ “სტრატეგია აღმაშენებლი” არ არის, სხვებსაც აქვთ იგივე იდეა და მოლაპარაკებების პროცესი გამოკვეთს საბოლოო შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი