ახალი ამბები

რუსეთში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

18 იანვარი, 2021 • 820
რუსეთში კორონავირუსის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

რუსეთის ფედერაციაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას რუსული RIA novosti ავრცელებს.

გასული წლის დეკემბერში ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში ქვეყანაში მოქალაქეთა კონკრეტულმა ჯგუფებმა მიიღეს ვაქცინა, მათ შორის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა, მასწავლებლებმა, სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებმა. ამ ჯერზე კი ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი.

წინა კვირას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ “აუცილებელი იყო მთლიანი მოსახლეობის მასობრიცი ვაქცინაცია”. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ კი 15 იანვარს განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამა 18 იანვრიდან დაიწყებოდა და პირველ ეტაპზე მხოლოდ რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებდნენ. ამავე ვაქცინის გამოყენებას გეგმავს სომხეთიც.

გარდა Sputnik V-ისა, რომელიც გამალეიას კვლევითმა ცენტრმა შექმნა, რუსეთში არსებობს სხვა რამდენიმე ვაქცინაც. კვლევითმა ცენტრმა “Vector” შექმნა “EpiVacCorona”, რომელსაც, შემქნელების განცხადებით, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები.

კიდევ ერთ ვაქცინას ქმნის ჩუმაკოვის იმუნობიოლოგიური კვლევისა და განვითარების ფედერალური ცენტრი, რომლის მიღებაც 2021 წლის თებერვლის თვეშია მოსალოდნელი.

რუსეთში ვაქცინაცია უფასო და მოხალისეობრივია.

ვაქცინა Sputnik V მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა სერტიფიცირებული. ვაქცინის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, წინასარეგისტრაციო ცდების დროს ტესტირებაში ჩართული იყო 40 000-მდე მოქალაქე. გამალეიას ინსტიტუტისვე ცნობით, ვაქცინის ტესტირება დაგეგმილია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საემიროები, ინდოეთი, ვენესუელა, ეგვიპტე და ბრაზილია, თუმცა ბრაზილიის სანიტარული ზედამხედველობის ეორვნულმა სააგენტომ (Anvisa) უარი განაცხა, განეხილა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის ნებართვის მისაღები განაცხადი. სააგენტოს ცნობით, წარმოდგენილ განაცხადში არ იყო საკმარისი ინფორმაცია ვაქცინის კლინიკური ცდის მესამე, დასკვნითი ფაზის ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ.


რუსეთის ფედერაციაში ამ დრომდე კორონავირუსის 3.600 000-მდე დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 66 000-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი