ახალი ამბები

ივანიშვილის მემკვიდრე – რას ნიშნავს კობახიძის “ოცნების” ლიდერად არჩევა

16 იანვარი, 2021 • 1658
ივანიშვილის მემკვიდრე – რას ნიშნავს კობახიძის “ოცნების” ლიდერად არჩევა

დღეს, 16 იანვარს, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ. ამ პარტიულ თანამდებობაზე ის ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს. რა ნიშნით შეარჩიეს კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ, იქნება თუ არა წინამობრედის გავლენებისგან თავისუფალი და შეძლებს თუ არა პარტიის რეალურ ლიდერობას? ამ საკითხებზე ნეტგაზთი ესაუბრა როგორც პოლიტიკის ანალისტიკოსებს, ისე კობახიძის პოლიტიკურ ოპონენტებს.

რა უძღოდა კობახიძის თავმდჯომარეობას

11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მეორედ განცხადა. იმავე დღეს ივანიშვილის შემცვლელად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარადგინეს.

კობახიძე 2015 წლიდან პარტიის აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია. ამასთან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე იყო, 2020 წელს კი საარჩევნო შტაბის უფროსი.

თუმცა კობახიძის ბიოგრაფიიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი 2019 წლის 20 ივნისია, როცა საქართველოში ვიზიტით მყოფმა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია გახსნა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა თავდაპირველად  სწორედ ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, თუმცა შემდგომ ამას სხვა მოთხოვნები დაემატა.

20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტებიც. მეორე დღეს, 21 ივნისს “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა.

შესაბამისად, კობახიძე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც საპროტესტო აქციის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ამით მისი კარიერული დაღმასვლა არ დაწყებულა. ის მალევე პარტიის სპიკერად იქცა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულშიც მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძის გარდა, მმართველ გუნდში სხვა ლიდერებიც არიან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევანი სწორედ კობახიძეზე შეჩერდა. თავად ბიძინა ივანიშვილს პარტიის დატოვებისას მემკვიდრეზე არ უსაუბრია, თავის ბოლო ინტერვიუში კი მასზე მხოლოდ ის თქვა, რომ პარტიის მომავალი თავმჯდომარე „ძალიან ნიჭიერია კაცია“.

„ქართული ოცნების“ ოპონენტები და პოლიტოლიგები კი პარტიის თავმჯდომარედ  კობახიძის დანიშვნას მხოლოდ მის „ნიჭიერებას“ არ უკავშირებენ  და ნეტგაზეთთან იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ამ პოსტზე სწორედ ის შეირჩა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის პირველი წასვლა არაა, ოპონენტებს არ სჯერათ, რომ „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე წინამორბედის გავლენებისაგან თავისუფალი იქნება. მათი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და „ქართული ოცნების“ სადავეებიდან ჩამოშორება მხოლოდ ფორმალობაა.

რატომ ირაკლი კობახიძე?

„ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობა, პოლიტიკური სიძულვილი ყველა ოპონენტის მიმართ, შავრაზმულობა და სიბრიყვე“, — ეს ის თვისებებია, რასაც „ევროპული საქათველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის დახასიათებისას იყენებს. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, ივანიშვილმა კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ სწორედ ამ ნიშნებით შეარჩია.

მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმის“ ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ მის ირგვლივ არა პოლიტიკური წონის მქონე ფიგურები, არამედ „პოლიტიკური კლოუნები და პოლიტიკურად არაფრისმთქმელი ხალხია“.

„ამ პოლიტიკური კლოუნების და პოლიტიკურად არაფრისმთქმელი ხალხის პირობებში სხვადასხვა რაღაცით გამოიჩინა ხალხმა თავი. დიდი კონკურენცია იყო სიძულვილის ქადაგებასა და ნთხევაში, უზომო მლიქვნელობაში ივანიშვილის მიმართ, სრულ პოლიტიკურ სიბრიყვეში… მოკლედ, დიდი კონკურენცია იყო და არის ივანიშვილის კარზე, მაგრამ კობახიძემ მოახერხა, რომ წულუკიანთან და ღარიბაშვილთან ერთად მაინც ლიდერობს, საბოლო ჯამში, ყველა ეს ნომინაცია რომ შევაზავოთ. ანუ პოლიტუკური სიბრიყვის, სიძულვილის, მლიქვნელობის, ამ თვალსაზრისით, ჯამურად რომ ავიღოთ ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ არარაობებსა და კლოუნებს შორის თუ პირველ ადგილზე არ არის, კონკურენტია პირველი ადგილობისა“, — ამბობს ბოკერია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კობახიძის თავმჯდომარედ დანიშვნა არაფერს ცვლის. თუმცა ისეთი ადამიანის ამ პოსტზე დანიშვნა, როგორიც კობახიძეა, მისთვის საზოგადოების აბუჩად აგდება და შეურაცხყოფაა.

კობახიძისთვის დამახასიათებელ თვისებებს შორის ოპონენტების მიმართ სიძულვილს გამოჰყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარედ კობახიძე პირველ რიგში იმიტომ შეირჩა, რომ ის „ძალიან დაზიანებული რეპუტაციის“ მქონე პოლიტიკოსია.

ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდიდან

„ის, რაც კობახიძეს გამოარჩევს, ეს არის განსაკუთრებული სიძულვილი ოპონენტების მიმართ. ჩვენ ვნახეთ, რომ 8 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევს, რომ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა არჩევნებში, დღესაც მთავარ ამოცანად მიიჩნევს ქვეყანაში დემოკრატიული ოპოზიციის განადგურებას და როგორც ჩანს, კობახიძე მიაჩნია საკუთარ თანამოაზრედ ამ ამოცანაში. ვფიქრობ, რომ ამ ნიშნებით არის შერჩეული სწორედ ბატონი კობახიძე ივანიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე“, — ამბობს სამადაშვილი.

სამადაშვილის აზრით, ივანიშვილს კობახიძე იმიტომ მოსწონს, რომ,  რეალურად, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას კულუარულად თავად აპირებს, კობახიძე კი ის ადამიანი არ არის, რომელიც როდესმე მოახერხერხებს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იყოს.

აგრესიულ და კონფლიქტურ ადამიანად ახასიათებს ირაკლი კობახიძეს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, პოლიტიკოსობა გარკვეულ მოქნილებას გულისხმობს, როცა  ადამიანს როგორც ელექტორალური, ასევე შიდა პარტიული კონსოლიდაცია და კაპიტალიზაცია შეუძლია. ხუხაშვილის თქმით, კობახიძეს თავისი ბუნებიდან გამომდინარე ეს თვისებები არ აქვს და მასზე საუბარი, რომ პოლიტიკოსია არ შეიძლება.

კობახიძეზე არჩევანის შეჩერება მისთვის იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვა არ სურს. მისი თქმით, ლოგიკური იქნებოდა პარტიის ლიდერი კახა კალაძე ან გიორგი გახარია გამხდარიყვნენ, რომელთაც „გარკვეული ელექტორალური მიზიდულობა აქვთ“.

„პოზიტიური რეიტინგი, რაც ბიძინა ივანიშვილის გაგებით იმისათვის, რომ დისტანციური კონტროლი შეინარჩუნოს ვითარებაზე, მისთვის იქნებოდა სახიფათო“, — ამბობს ნეტგაზეთთან ხუხაშვილი და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ადამიანის პირადი კონტროლია.

როგორც ხუხაშილი ამბობს, ივანიშვილი თავის ტაქტიკური ამოცანებისთვის კობახიძეს ყველაზე კომფორტულად და ნაკლებად სახიფათოდ მიიჩნევს.

„მან შეარჩია ადამიანი, რომელსაც არათუ გარესამყაროში არ აქვს ავტორიტეტი, შიგნით პარტიაშიც არ აქვს ავტორიტეტი. იქნება მუდმივი კონფლიქტები და იმისათვის, რომ შენ შეინარჩუნო კონფლიქტი, შენ უნდა დარჩე მთავარ გამშველებლად. შენ რომ გამშველებლის ფუნქცია შეინარჩუნო, შენთვის კონფლიქტური ადამიანი სიტუაციის საკონტროლებლად არის ძალიან კარგი მასალა. პარტიაში იქნება კონფლიქტები და ვინ უნდ დაალაგოს ეს კონფლიქტები? — ბიძინა ივანიშვილმა. სხვა ხომ ამას არავინ არ დაალაგებს. შესაბამისად, ის ირიბ ფუნქციას ინარჩუნებს იმისათვის, რომ აკონტროლოს სიტუაცია“, ­— ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტის ლევან კახიშვილი  ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის, როგორც პოლიტიკოსის, ყველაზე დასამახსოვრებელი თვისება მისი სიხისტეა, რაც, მისი თქმით, როგორც კარგი, ისე ცუდი თვისება შეიძლება იყოს.

„მან იცის რა უნდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს. საკუთარი მიზნისკენ მიმავალი გზიდან გადახვევა კი მხოლოდ მასზე უფრო გავლენიანმა აქტორმა შეიძლება აიძულოს. მაგალითად, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ის გადადგომას არ აპირებდა, თუმცა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მას მოუწია გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან. თუმცა საგულისხმო ის არის, რომ მისი პოზიციები პარტიის შეგნით არ შესუსტებულა და ამ მდგომარეობის ბუნებრივი კულმინაციაა მისი პარტიის თავმჯდომარედ არჩევაც“, — ამბობს ლევან კახიშვილი.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარედ კობახიძის შერჩევის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ის ერთ-ერთი გამონაკლისია „ქართული ოცნების“ გავლენიანი წევრებს შორის, რომელსაც ივანიშვილთან აშკარა კონფლიქტი არ ჰქონია, მაშინაც კი როდესაც მას პარლამენტის გავრილოვის ინციდენტის შემდეგ თავმჯდომარის პოზიციის დატოვება მოუწია.

„პარტიის თავმჯდომარეობის ალტერნატიულ კანდიდატებად შეიძლება კახა კალაძე და გიორგი გახარია მოვიაზროთ. კალაძეს ჰქონდა შემთხვევები, როდესაც, მისი განცხადებები არ იყო თანხვედრაში იმასთან, რასაც ქართული ოცნება აკეთებდა. მაგალითად, ღამის კლუბების რეიდი არაერთხელ შეფასდა, როგორც კალაძის მთავარ საარჩევნო სლოგანზე შეტევა – თბილისის ღამის ქალაქად გადაქცევასთანდ აკავშირებით.

რაც შეეხება, გახარიას, ის უფრო აღმსრულებელ ფიგურას ჰგავს, ვიდრე პარტიის ლიდერს. გახარია, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი ძალიან კარგად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, თუმცა კობახიძესთან შედარებით, სავარაუდოდ, კონცეპტუალური ხედვა აკლია იმისა, თუ რა უნდა აკეთოს ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, კობახიძეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებისგან გამოარჩევს მისი პოზიციების თანხვედრა ივანიშვილის პოზიციებთან და ზოგადად კონცეპტუალური ხედვები პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მის პოტენციურად კონკურენტებს აკლიათ“, — ამბობს ლევან კახიშვილი.

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარედ სწორედ კობახიძე იმიტომ შეირჩა, რომ მისი ძირითადი საქმიანობა პარტიას უკავშირდებოდა  და მის გაძლიერებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მისი თქმით, კობახიძეს ზურგს მმართველი გუნდი უმაგრებს.

“კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არა პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ვთქვათ და ვნახოთ არსებული რეალობა —  ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის პანდემია და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი პრობლემები შექმნა. პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართოს მთავრობა და ყველას ჩართულობით ამ დიდ გამოწვევას დაუპირისპირდეს.

იგივეა ჩემთან მიმართებაშიც – ვარ ამხელა ქალაქის მერი, სადაც არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც 30-წლის განმავლობაში გროვდებოდა. არის სერიოზული გამოწვევები და რა თქმა უნდა, წელსაც და მომდევნო წლების განმავლობაშიც 24-საათიან რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, რათა პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ის ძირითად დროს პარტიის მშენებლობაში ატარებდა. მის თავმჯდომარეობას მივესალმები. დარწმუნებული ვარ, ის ძლიერი პარტიის თავმჯდომარე იქნება. მას ჩვენ ზურგს ვუმარგებთ. გვყავს ძლიერი პრემირ-მინისტრი, გვყავს ძლიერი პარლამენტის თავმჯდომარე, არის პოლიტსაბჭო. ყველა ეს ადამიანი, ერთიანი გუნდურობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს ღირსეულად გავართვათ თავი“, – განაცხადა კალაძემ “პალიტრანიუსის ეთერში.

კობახიძე და მოსალოდნელი კრიზისები „ქართულ ოცნებაში“

თავის ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშლმა იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რაც მისი წასვლის შემდეგ შესაძლოა პარტიაში მოხდეს. ივანიშვილის თქმით, “ქართული ოცნების” გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ გუნდის წევრებმა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყონ.

როგორც ივანიშვილი ამბობს, პარტიიდან წასვლისას გუნდთან ერთადერთი თხოვნა ჰქონდა — ერთმანეთის მიმართ ოპონირებას ნუ მოერიდებიან

„უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. აქედან გამომდინარე, შეცდომები ნაკლები იქნება. მე ვფიქრობ, რომ გუნდი ძალიან მეგობრულია, თუმცა იმისი ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს არის ერთ-ერთი ხიფათი, მაგრამ შეუძლიათ, უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი. როდესაც ვამბობ, რომ თვეების განმავლობაში ამას ვაჩვევდი, მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, მშვენივრად მართავდნენ: მთავრობის მეთაური -მთავრობას, შერჩეული მინისტრები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჩვენს რესპონდეტებს ვკითხეთ, რამდენად აქვს ივანიშვილს „შიშს“ საფუძველი და შეძლებს თუ არა კობახიძე წინამორბედის „უკანასკნელი“ თხოვნის შესრულებას.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების“ გუნდშიც  საკმაოდ არაპოპულარულია. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინ სრული პოლიტიკური კრახი ელოდება და ამაში ივანიშვილი თავადაც დარწმუნებულია, რის გამოც „ქართული ოცნებისგან“ გამიჯვნა გადაწყვიტა.

„დარწმუნებული ვარ, რომ შიდა პროცესები წავა პოლიტიკური ძალის ჩამოშლით. ბიძინა ივანიშვილის გამოკლებით „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს ამომრჩეველი. ჩემი აზრით, ის ხალხიც კი, ვინც ხმას აძლევდა „ქართულ ოცნებას“, ხმას აძლევდა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ვის დატოვებდა ივანიშვილი საკუთარი პარტიის თავმჯდომარედ. ყველა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არის დასრულებული პოლიტიკური პროექტი მისივე დამფუძნებლის აზრით. რაც ფაქტიურად ივანიშვილმა საზოგადოებას ირიბად დაუდასტურა“, — ამბობს სამადაშვილი.

გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რესურსი ისედაც ამოწურულია და კობახიძემ შესაძლოა პროცესები უბრალოდ დააჩქაროს.

„ოცნებაში“ კრიზისებს უნდა ველოდეთ არა იმის გამო, რომ კობახიძე შეარჩია, არამედ იმის გამო რა ვითარებაც შექმნა ივანიშვილმა ქვეყანაში. ქვეყანა არის კრიზისში და მათი პოლიტიკური რესურსი ამოწურულია. კობახიძის პერსონამ არ შეიძლება დადებითი როლი იქონიას არაფერში, რაც პოლიტიკას შეეხება, მისი პოლიტიკური თვისებების გამო. ერთადერთი გვერდითი ეფექტი — დადებითი, სხვა მხრივ, შეიძლება იყოს, რომ რაღაც დააჩქაროს“, — ამბობს ბოკერია.

გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნას სახლში ბავშვის მარტო დატოვებას ადარებს, „რომელსაც ხელში ასანთი უჭირავს და მზად არის ნებისმიერ მომენტში კოცონი ააგიზგიზოს“. მისი თქმით, როგორც  პარტიული აქტივი ამაში დარწმუნდება, შიდადაძაბულობა დაიწყება.

ხუხაშვილის თქმით, კობახიძე ავტორიტეტი არ არის და კონფლიქტები მაშინ იბადება, როდესაც რიგითი წევრი თვლის, რომ მისი ხელმძღვანელი დაუმსახურებლად არის მისი კონკურენტი.

„შიგნით პარტიაში კობახიძე გარესამყაროზე ნაკლებად არ ეჯავრებათ. ეს კონფლიქტები რომ დაიწყება, ამ კონფლიქტების ერთადერთი მომგვარებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძემაც იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ზურგის გარეშე ის პარტიაში დაიჩაგრება და ეს იცის პარტიამაც. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შენ ერთი მხრივ წახვიდე, მაგრამ მეორე მხრივ შენი სული იყოს შეუცვლელი, ანუ რელიგიასა და მითოლოგიაში გადაიყვანა თავისი თავი.

თუ ადამიანი რაღაც სიტუაციას ვერ ალაგებს პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რას იწყებს ის? — ლოცვას და ვისზე ლოცვას? — ბიძინაზე. შეიძლება ბიძინა ვერ ნახონ, მაგრამ ილოცებენ და ის რაღაცას გამოტყროცნის იქიდან და რაღაცნაირად მოაგვარებს და პარტიულ სიმშვიდეს უზრუნველყოფს“, — ამბობს ხუხაშვილი.

ლევან კახიშვილის აზრით, მმართველ გუნდში გავლენებისთვის ბრძოლა ნაკლებად საეჭვოა. მისი თქმით, დღევანდელი „ქართული ოცნება“ არ არის 2012 წლის „ქართული ოცნება“, რომელიც სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიების კოალიციას წარმოადგენდა და რამდენად არსებობს მნიშვნელოვნად განსხვავებული იდეოლოგიური მოსაზრებები პარტიის შიგნით, საეჭვოა.

„ბუნებრივია, რომ ივანიშვილის წასვლით, თუ დავუშვებთ, რომ ის ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, პარტიაში გაჩნდება ძალაუფლების გარკვეული ვაკუუმი, რომლის შევსებასაც შესაძლოა, ეცადონ სხვადასხვა ლიდერები, იგივე კალაძე და გახარია თუნდაც. რამდენად გადაიზრდება ეს ყველაფერი კრიზისებში ან „ოცნების“ დაშლაში რთული სათქმელია“, — ამბობს ლევან კახიშვილი.

მისი თქმით, როგორც წესი, მსგავსი პროცესები უფრო ხშირი ისეთ პარტიებშია, რომლებიც ძალაუფლებას კარგავენ და მანამ სანამ „ოცნება“ სახელისუფლებო პარტიას წარმოადგენს, მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელიც მის სტაბილურობას შეარყევს, ალბათ, მოსალოდნელი არ არის.

„ამგვარი მოვლენების ალბათობა გაიზრდება თუ ზოგადად ქვეყანაში იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისები, რაზეც ოცნებას შესაძლოა არასწორი რეაგირება ჰქონდეს (მაგალითად, პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ დაპირების არშესრულება და ოცნების დეპუტატების ნაწილის პარტიიდან გასვლა) ან როდესაც მოახლოვდება არჩევნები. პოლიტიკური კრიზისებისა და არჩევნებამდე პერიოდში, როგორც წესი, სახელისუფლებო ძალებისთვის ყველაზე მოწყვლადი პერიოდია. ამიტომ იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ოცნებაში კრიზისი დაიწყება, ალბათ, არ იქნებოდა ლოგიკური“, — აღნიშნავს ლევან კახიშვილი.

რას შეცვლის „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისის განსამუხტად უცხოელი ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, შეიძლება ითქვას, რომ ჩიხშია შესული. „ქართული ოცნებიდან“ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი ჩართული პირი სწორედ ირაკლი კობახიძეა.

შესაბამისად, ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ, რას შეცვლის მოლაპარაკებეში კობახიძის ახალი თანამადბებოდა და უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის შეცვლას.

ლევან კახიშვილის აზრით, კობახიძის ახალი პოზიცია „ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის“ მიმდინარე მოლაპარაკებებში არაფერს შეცვლის და კობახიძე კვლავ იმ პოზიციაზე იქნება, რაც აქამდე ჰქონდა.

„მთავარია ის, რომ ოპოზიციას არ გააჩნია საგრძნობლად უფრო მაღალი მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოცნებასთან შედარებით. ამიტომ კობახიძე მოსალოდნელია, რომ კვლავ იქნება საკუთარ პოზიციაზე როგორც აქამდე. ერთადერთი შესაძლო სცენარი, რომელიც მდგომარეობას შეცვლიდა არის ის, თუ ივანიშვილის წასვლა რამენაირად უკავშირდება ამ მოლაპარაკებებს, როგორც კომპრომისისა და კონსენსუსის ნაწილი. თუმცა ეს უკვე სპეკულაციის საგანი ხდება, რადგან ამასთან დაკავშირებით ინფორმაიცა უბრალოდ არ გვაქვს“, — ამბობს ლევან კახიშვილი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, კობახიძე კარგი მომლაპარაკებელი არაა. მისი თქმით, ის აბსოლუტურად შეუვალი ადამიანია, რომელსაც არანაირი მოქნილება არ აქვს, რაც აუცილებელია პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, მათ შორის საერთაშორისო არენაზეც.

„კობახიძე არის აბსოლუტურად კონფლიქტური ადამიანი, ის არის ქართულ პოლიტიკურ კორიდაზე წითელი ნაჭერი. ის პოლიტიკოსი კი არ არის და პოლიტიკური ფიგურა კი არ არის წითელი ნაჭერი, რომელიც ფრიალებს ამ კორიდაზე და მხოლოდ კონფლიქტზეა ორიენტირებული, არათუ მოლაპარაკებებზე“, — ამბობს გია ხუხაშვილი.

გიგა ბოკერიას თქმით, კობახიძის თავმჯდომარედ დანიშნა,  ცალკე აღებული,  კრიზისის განმუხტვას ნამდვილად არ ემსახურება.

„ეგ რომ ცალკე აღებული იყოს, როგორც მთავარი ფაქტორი, ეს მხოლოდ გააღრმავებს. თუმცა ყველას გვესმის, რომ მხოლოდ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს“, — ამბობს ბოკერია.

სალომე სამადაშვილის თქმით, მოლაპარაკებებში კობახიძის ჩართვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მიღებული იყო როგორც სიგნალი იმის, რომ შეთანხმება სწორედ „ქართულ ოცნებას“ არ სურს.

„ჩემთვის ზუსტად არის ცნობილი, რომ ბატონი კობახიძე არ მოიაზრებოდა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასურველ წარმომადგენლად „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკებებში. სწორედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ განცდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი სახელმწიფოებრივად მიუდგეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და არა მხოლოდ სიძულვილით გამოირჩევა, ძალიან ხშირად სიძულვილის ენით საუბრობს პოლიტიკური ოპონენტების და დემოკრატიული ოპოზიციის მისამართით“, — ამბობს სამადაშვილი.

როგორც ის ამბობს, ირაკლი კობახიძეს არანაირი საერთაშორისო კავშირები გააჩნია, მას საერთაშორისო ასპარეზზე არავინ იცნობს და “რეპუტაცია არც ქვეყნის შიგნით აქვს”.

პოლიტიკურ ოპონენტებსა და ანალიტიკოსების ნაწილს არ სჯერათ, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს პოლიტიკური პროცესების მართვას ისე, რომ შეინარჩუნოს გუნდის ერთიანობა და ამასთანავე, თავი დააღწიოს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა. “ოცნების” წევრები კი უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები და მიიჩნევენ, რომ კობახიძე ივანიშვილის ღირსეული მემკვიდრეა, რომელმაც პარტიის ლიდერობა დაიმსახურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი