ახალი ამბები

უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, საკადრო შეცდომები გვქონდა, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი – ივანიშვილი

13 იანვარი, 2021 • 1151
უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, საკადრო შეცდომები გვქონდა, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი – ივანიშვილი

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მის გუნდს ისეთი შეცდომა არ დაუშვია, რაც ქვეყნის განვითარებას შეაფერხებდა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვითკრიტიკა უყვარს, “ოცნების” გუნდს ქვეყნის მართვის სწორი სტრატეგია ჰქონდა.

“საბედნიეროდ, უხეში შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან მიმართულება სწორი გვქონდა, გულწრფელები ვიყავით. სხვათაშ ორის, ამ მხრივ ვერ დავიჩივლებ, რომ რაღაც უხეში შეცდომები იყო. შეიძლება, რაღაც საკადრო შეცდომები გვქონდა პოლიტიკური არჩევის დროს, არასწორ პიროვნებებზე გავაკეთეთ არჩევანი, მაგრამ ამანაც დიდად ვერ დააზარალა და შეაფერხა განვითარების პროცესი”, — განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილი ამბობს, “ქართულ ოცნების” გუნდის წევრებს ერთმანეთში აზრის გაცვლის გამოცდილება აკლიათ, რადგან “ერთმანეთს ერიდებიან, ხათრი და პატივისცემა აქვთ”.

“გუნდში ძალიან ნიჭიერი ხალხია, გამოცდილებაც საკმაოდ დიდი აქვთ, შეგნებულად არ ვასახელებ ლიდერებს, გვარებს, ბევრის ჩამოთვლა მომიწევს. ვფიქრობ, უხეში შეცდომებისგან გადამარჩინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პოლემიკა და ყველასგან მინდა აზრის მოსმენა, საღი აზრის ძიებაში ვხარჯავ დიდ დროს. თუ იგივეს გააგრძელებს გუნდი, დაზღვეული იქნება უხეში შეცდომებისგან, თუმცა საქმეს ვინც აკეთებს, აუცილებლად აქვს გადაცდომები, მთავარია, უხეში, დიდი შეცდომები არ დავუშვათ და ქვეყანა არ დავაზარალოთ”, — განაცხადა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი