ახალი ამბები

სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც “ქართული ოცნებაა” — ივანიშვილი

13 იანვარი, 2021 • 989
სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც “ქართული ოცნებაა” — ივანიშვილი

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა და დაბრძენდა, რომ “ქართულ ოცნებას” “ქარაქუცა” პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც “ქართული ოცნებაა”. როგორც ივანიშვილი ამბობს, დღევანდელი ოპოზიცია რეალური ოპონენტის როლს 1-2%-ით ასრულებს და “ოცნებას” მასსავით ჯანსაღი ოპონენტი რომ ჰყავდეს, ქვეყანა გაცილებით სწრაფად განვითარება.

“მე მხედველობაში მქონდა ის, რომ “ქართულ ოცნებაზე” ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, ვინც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ მოიტანს პირველ რიგში გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას, აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეუძლია განავითაროს ჩვენი ქვეყანა.

დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ, უნდათ, “ქართულ ოცნებას” ფეხები მოატეხონ. ამ კრიტიკის იქით არის დაუსაბუთებელი, უარგუმენტო არაკონსტრუქციულობა. ოპონენტმა უნდა გააკრიტიკოს, შენ თუ გვაქვს იმუნიტეტი და ხარ ძლიერი, იმ კრიტიკას იყენებ საშენოდ. ოპონენტსა და ოპოზიციას აქვთ უდიდესი როლი. ეს როლი თუ სწორად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება და ქვეყანასაც დააკლდება. დრო თავისას იზამს. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება და აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებულად, მწყობრად, გააზრებულად შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც “ქართული ოცნებაა”, — განაცხადა ივანიშვილმა.

გუშინ, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. ივანიშვილს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. გუშინვე პარტიაში განაცხადეს, რომ ივანიშვილს “ქართული ოცნებაში” ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი