ახალი ამბები

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა — ზურაბიშვილი ბურჯანაძეს პასუხობს

12 იანვარი, 2021 • 1081
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა — ზურაბიშვილი ბურჯანაძეს პასუხობს

“ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!” — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ერთიანი საქართველოს” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ ადამიანს რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებდა,

“ჭორვილა თუ არა ჭორვილა!
პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა “ლიდერების” განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არათუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
თურმე “ფსიქიკურად” შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ, ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.
სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.

სამაგიეროდ, ვიცით, თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით, ჩვენი წინაპრები როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.

მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!”, — წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი