ახალი ამბები

თურქეთში 1075 წლით დააპატიმრეს ტელემქადაგებელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ

12 იანვარი, 2021 • 1636
თურქეთში 1075 წლით დააპატიმრეს ტელემქადაგებელი, რომელსაც სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ

თურქეთის სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა მუსლიმ ტელემქადაგებელს, რომელსაც ქალებზე, მათ შორის, არასრულწლოვნებზე, სექსუალურ ძალადობას ედავებოდნენ.

ადნან ოქთარი თავის გადაცემაში წლების განმავლობაში ქადაგებდა კონსერვატიულ ღირებულებებსა და სამყაროს შექმნის რელიგიურ თეორიებს, სტუდიაში მის ირგვლივ კი ნახევრად შიშველი ქალები ცეკვავდნენ მუსიკის ფონზე.

“გარდიანის” ინფორმაციით, 64 წლის ოქთარი 2018 წელს, მისი ჯგუფის 200 სხვა წევრთან ერთად, დააპატიმრეს ფინანსური დანაშაულის ბრალდებით. მიმდინარე წლის 11 იანვარს კი სასამართლომ მას 1075-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისთვის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მიმართ. ბრალდებებს შორის ასევე არის თაღლითობა და პოლიტიკური და სამხედრო შპიონაჟის მცდელობა.

თურქეთის სახელმწიფო მედია წერს, რომ ტელემქადაგებელი ასევე ცნეს დამნაშავედ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებაში, რასაც თავად ოქთარი უარყოფს. ის ასევე არ ეთანხმება ბრალდებას სექსუალური კულტის ხელმძღვანელობის თაობაზე და “ურბანულ მითს” უწოდებს მას.

ოქთარმა სასამართლოზე თქვა, რომ 1 000 მეგობარი ქალი ჰყავდა.

“ჩემი გული სავსეა ქალების მიმართ სიყვარულით. სიყვარული ადამიანის თვისებაა. ეს მუსლიმის თვისებაა”, – დასძინა სასამართლო პროცესზე, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გაიმართა.

საქმის ფარგლებში, ჯამში, 236 პირს წაუყენეს ბრალი. თავად ადნან ოქთარი თურქეთის ტელეეკრანებზე 90-იან წლებში გამოჩნდა. ის იყო სექტის მეთაური, რომელიც იმთავითვე გაეხვა სექსუალურ სკანდალებში. ოქთარს ჰქონდა საკაბელო ტელევიზიაც, რომელსაც თურქეთის რელიგიური ლიდერები აკრიტიკებდნენ. საბოლოოდ, ის სახელმწიფომ დახურა.

ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც სასამართლომ დაკითხა, თქვა, რომ ადნან ოქთარმა სექსუალურად იძალადა როგორც მასზე, ისე სხვა ქალებზე. მისივე თქმით, მსხვერპლთა ნაწილს მქადაგებელი კონტრაცეპტივების მიღებას აიძულებდა. თავად ოქთარმა თქვა, რომ ათობით ათასი აბი კონტრაცეპტივი, რომელიც მის სახლში იპოვეს, სინამდვილეში, კანის დაავადებებისა და მენსტრუალური პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი.

“გარდიანი” ასევე წერს, რომ პოლიციამ დაანგრია ოქთარის ვილა სტამბოლის აზიურ ნაწილში, რომელსაც ტელესტუდიად იყენებდა. ამასთან, მთელ მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი