ახალი ამბები

“პროცესი ჰაერში ვერ გამოეკიდება” — იოსელიანი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აპირებს

12 იანვარი, 2021 • 757
“პროცესი ჰაერში ვერ გამოეკიდება” — იოსელიანი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს აპირებს

პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

მისი თქმით, პარტიებთან შეხვედრის თემა  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესია. როგორც იოსელიანი ამბობს, ეს პროცესი “ჰაერში ვერ გამოეკიდება”.

“მე ვგეგმავ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთან და მათ ლიდერებთან შეხვედრას. ვგეგმავ, რომ დაველაპარაკო იმ ხედვებზე, რაც ზოგადად პროცესთან დაკავშირებით გაგვაჩნია. მაინტერესებს, რა მოლოდინები აქვთ გაზაფხულზე და ა.შ. ეს არის საინტერესო, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც ჰაერში ვერ გამოეკიდება. ვადამდელი არჩევნები, ცალკე აღებული, ჩვენი პრიორიტეტი არ არის. ვადამდელი არჩევნები არის იმ პაკეტის ნაწილი, სადაც სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია არის რეფორმირებული, ამის გარეშე ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” იოსელიანმა.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ბარიერგადალახულმა პარტიებმა, გარდა პარტია “მოქალაქეების” 2 წევრისა და “გირჩის” 3 წევრისა, საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ამ დროისთვის მეათე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებასთან” ერთად “პატრიოტთა ალიანსის” სიით შესული 4 დეპუტატია, რომლებმაც აღნიშნული პარტია დატოვეს და ახალი გაერთანების – “ევროპელი სოციალისტების” შექნის შესახებ განაცხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი