ახალი ამბები

ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული — კალაძე ივანიშვილზე

11 იანვარი, 2021 • 1481
ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული — კალაძე ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია.

მისი თქმით, ივანიშვილის დამსახურებას მთელი საქართველო და  ქვეყნის პარტნიორები კიდევ უფრო კარგად დაინახავენ.

“ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება, არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.
დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და, ვფიქრობ, ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.
ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.
დაბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის”, — აცხადებს კალაძე.

დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი