ახალი ამბები

პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ივანიშვილი ყოველთვის მოსახლეობასთან — გახარია

11 იანვარი, 2021 • 836
პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ივანიშვილი ყოველთვის მოსახლეობასთან — გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებიდან” და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის შემქმნელი და განმსაზღვრელი ძალა იყო.

“ყველაზე მნიშვნელობანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს, მართოს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება”, — განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნისას “ქართულმა ოცნებამ” სერიოზულ პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის, სამართალდამცავი სისტემის მუშაობის, ჯანდაცვის სისტემის და ევროატლანტიკური განვითარების კუთხით.

„პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში, რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით,უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი