ახალი ამბები

პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი – კობახიძე ივანიშვილზე

11 იანვარი, 2021 • 1044
პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი  – კობახიძე ივანიშვილზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილის წასვლით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გუნდზე გადადის.

მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ქვეყანაში სტაბილურობის უმთავრესი გარანტად იქცა.

“ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი 2011 წელს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა როგორც ერთადერთი გროსმაისტერი და ერთ წელიწადში საყმაწვილო შამათით დაამარცხა მეხუთეთანრიგოსანი მოძალადეები, რომლებიც მაშინდელი ოპოზიციის სრული უსუსურობის გამო ძალიან ბევრს უძლეველი პოლიტიკოსები ეგონა. ეს კომპლექსი მოძალადეებს დღემდე გამოჰყვათ და სწორედ ამიტომ იყო ბიძინა ივანიშვილი მათი სიცრუის მანქანის მთავარი სამიზნე მთელი ამ წლების მანძილზე.

თუმცა მან საზოგადოებას აჩვენა იმის მაგალითი, რომ სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს სიცრუესა და ბოროტებაზე. პოლიტიკიდან წასვლით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის ძალაუფლება არასოდეს იყო მიმზიდველი და მისი ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის სწორ რელსებზე გადაყვანა იყო”, — აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით,  ივანიშვილმა ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხა შეიტანა და ახალი კონსტიტუციური წესრიგი დაამკვიდრა.

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა არის სერიოზული გამოწვევა როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ისე ქვეყნისთვისაც. ბიძინა ივანიშვილი იყო სტაბილურობის უმთავრესი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ახლა, როდესაც მან მიიღო პოლიტიკის საბოლოოდ დატოვების გადაწყვეტილება, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გადმოდის გუნდზე და თითოეულ ჩვენგანზე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე. სწორედ ამ საქმის დაგვირგვინება იქნება საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, რაზეც ოფიციალურ განაცხადს ჩვენი ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით 2024 წელს შეიტანს”, — აცხადებს კობახიძე.

დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებითუნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი