ახალი ამბები

ივანიშვილმა გამარჯვებული პარტია დატოვა – კუჭავა

11 იანვარი, 2021 • 1550
ივანიშვილმა გამარჯვებული პარტია დატოვა – კუჭავა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს “ქართული ოცნებიდან”, კახა კუჭავას, მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილმა “გამარჯვებული, ძალიან გაძლიერებული” პარტია დატოვა. “ოცნების” უკვე ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილის მიზანი არასდროს ყოფილა ძალაუფლების მოხვეჭა, რაც დღესაც დადასტურდა.

“…ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა თავმჯდომარეები ტოვებენ პარტიას მაშინ, როცა პარტია აგებს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტია, რომელმაც გაიმარჯვა, არის ძალიან გაძლიერებული, რაც წერილშიცაა მითითებული.

ზუსტად გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ტოვებს [პარტიას], რაც კიდევ ერთი ძალიან მაღალი სტანდარტი არის არა მხოლოდ პარტიული, არამედ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით”, – თქვა კუჭავამ და დაამატა, რომ მსგავსი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა.

დღეს, 11 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. ივანიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” გუნდს შეუძლია მისი “შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება”.

ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. „ქართული ოცნების“ წესდების თანახმად, მისი ადგილი დროებით უნდა დაიკავოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის

მასალების გადაბეჭდვის წესი