ახალი ამბები

ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება — სარჯველაძე

10 იანვარი, 2021 • 1126
ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება — სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაანონსებილი ამნისტია დაახლოებით 1 500 პატიმარს შეეხება.

“ეს არის ის შეჯერებული ვერსია, რომელთა დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ ის გაზიარებულ იქნას პარლამენტის მხრიდან და იქცეს კანონად და რომლის გავლენაც არც ისე მცირეა. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ეს ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუს შეცვლის ეს და ასევე 4 000 ადამიანი, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ეს ჯარიმებიც ამნისტირებას ექვემდებარება”, — განაცხადა სარჯველაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა და ის ორი მოსმენით უკვე მიიღეს. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები ჩაიდინეს.

ოპოზიცია მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ ამინისტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის მიცემული დაპირების შესრულებად აფასებს. მათი თქმით, “ოცნებამ” ამნისტიის საშუალებით კრიმინალური სამყაროს ჯგუფები მოისყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი