ახალი ამბები

საზ. ტრანსპორტის აღდგენამდე ბასლეინებზე მოძრაობა დასაშვებია – მერია

9 იანვარი, 2021 • 1613
საზ. ტრანსპორტის აღდგენამდე ბასლეინებზე მოძრაობა დასაშვებია – მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ე.წ. ბასლეინებზე მანქანების მოძრაობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებამდე დასაშვებია.

მანამდე მერიამ მსგავსი საგამონაკლისო წესი 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაუშვა. დღეს კი უწყებამ თქვა, რომ ეს წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენამდე იმოქმედებს.

„დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, მოქალაქეებს გადაადგილება მათ მფლობელობაში არსებული კერძო სატრანსპორტო საშუალებებით უწევთ. დედაქალაქის მერიამ გასული წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დაუშვა, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეულწილად, ტრანსპორტის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, კვლავ ძალაში რჩება და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების განახლებამდე, ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შემთხვევაში, არ დაჯარიმდებიან,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ამავე დოკუმენტში მერია ამბობს, რომ ქალაქის მასშტაბით კერძო სატრანსპორტო საშუალებებსი გადაადგილების მაჩვენებელი, დაახლოებით, 20%-თაა გაზრდილი, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის აუცილებლობას ხაზს უსვამს.

მერია არ აკონკრეტებს თუ როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

დღეს არსებული გეგმითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირის გარდა.

შესაბამისად, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რომელ საათამდე იმოძრავებს ტრანსპორტი საღამოს, ვინაიდან საღამოს 9 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება აკრძალულია.

ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/322196/

მასალების გადაბეჭდვის წესი