ახალი ამბები

ტყეებში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს — გარემოს დაცვის სამინისტრო

8 იანვარი, 2021 • 1119
ტყეებში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს — გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან 8 იანვრამდე სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე  ხანძრის 13 შემთხვევა დაფიქსირდა და ტყის ფონდში ხანძრის გავრცელების წინასწარი ფართობი 200 ჰექტარს შეადგენს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის რამდენიმე ღია კერა რჩება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ.

“დასავლეთ საქართველოში ტყის მასივებსა და სავარგულებში ხანძრის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფროების წესები.

გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა შემცირებულია, გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

მცენარეული ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, ტყის მასივებსა და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ნიადაგის თვისებების გაუარესება, ნაყოფიერების დონის შემცირება და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაცია”, — ნათქვამიას სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი