ახალი ამბები

“გამართლება არ აქვს” — სააკაშვილი ანანიაშვილის ნოვოსიბრისკში გადასვლაზე

8 იანვარი, 2021 • 1204
“გამართლება არ აქვს” — სააკაშვილი ანანიაშვილის ნოვოსიბრისკში გადასვლაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ქართველი პრიმა- ბალერინას, ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას, რომ უხელმძღვანელოს რუსეთში ნოვოსიბირსკის საბალეტო დასს. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ანანიაშვილის არჩევანია, ამას არანაირი გამართლება არ აქვს.

“საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს […] როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა, ომი კი გვქონდა და შემოვიდნენო?! მე ნამდვილად არ ვადარებ ახლა. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა […] ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ, მომწონს-მეთქი, ამას არანაირი გამართლება არ აქვს”, — განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის ეთერში”.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

“რადიო თავისუფლებასთან” ანანიაშვილი ამბობს, რომ პარალელურად  ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ანანიაშვილის თქმით, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოსტი ამავე თეატრის ხელმძღვანელობამ შესთავაზა.

ნოვოსიბირსკის თეატრთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ანანიაშვილმა საქართველოში პანდემიის გამო შექმნილი ვითარება  დასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი