ახალი ამბები

რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

6 იანვარი, 2021 • 1506
რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებაზე ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვერტმფრენი მეხანძრე-მაშველებთან ერთად ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული კერის გარდა, რეგიონში დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა, სადაც ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განმარტებით, სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით ასეთია:
  • იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში. დილის შემდეგ შევიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.
  • აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.
  • სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში, სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.
  • შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარისა, მობილიზებულია შესაბამისი ავტოტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მათი განმარტებით, მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი