ახალი ამბები

პატრიარქის იუბილე პანდემიის პირობებში

6 იანვარი, 2021 • 2200
პატრიარქის იუბილე პანდემიის პირობებში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის 88 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 3 და 4 იანვარს, საპატრიარქოში სტუმრად სასულიერო პირები და სხვა ადამიანები, მათ შორის, ეპიდემიოლოგები მივიდნენ. უწყების პრესსამსახურის მიერ 4 იანვარს გავრცელებული კადრების მიხედვით, ერთ-ერთ მიღებაზე, ჯამში, 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

პანდემიის კრიზისთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების რეკომენდაციების ფონზე, “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები იუბილესთან დაკავშირებულ მიღებაზე.  მეორე მხრივ კი, რა გზავნილს წარმოადგენს ღონისძიება საპატრიარქოს მხრიდან მრევლისადმი, წვეულებების შეზღუდვასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების მოწოდებების ფონზე.

“ოფიციალური მიღება არ გამართულა”

პრესსამსახურის მიხედვით, საპატრიარქოს შენობაში სტუმრები 3 და 4 იანვარს მივიდნენ.

საპატრიარქოს ტელევიზიის სიუჟეტში ნათქვამია, რომ პანდემიის თანმდევი შეზღუდვებიდან გამომდინარე, წელს ოფიციალური მიღება არ გამართულა, თუმცა ილია მეორემ უმასპინძლა თავის მოსაყდრეს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის რამდენიმე წევრს, სასულიერო პირებს, ხელოვნების სფეროს წარმომაგენლებსა და კიდევ “რამდენიმე სტუმარს”.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა თავად ილია მეორემ, შესრულდა საგალობლებიც.

ჯამში, პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ 4 იანვარს დარბაზში, სადაც იუბილე აღნიშნეს, მომღერალთა და მგალობელთა ჩათვლით, 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

1 დღით ადრე, 3 იანვარს, სხვა სტუმრებთან ერთად, პატრიარქის იუბილეზე მივიდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც პანდემიის კრიზისის პერიოდში რიგ რეკომენდაციებს გასცემენ და მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ თავყრილობებს. მათ შორის იყვნენ თენგიზ ცერცვაძე, ლევან რატიანი და ხათუნა ზახაშვილი.

“ყველამ ჩაიტარა PCR ტესტი”

როგორც მანამდე სინოდის წარმომადგენელთა განცხადებებიდან იყო ცნობილი, ილია მეორე პანდემიის გამო მკაცრ კარანტინში იმყოფებოდა. ის, ასაკიდან გამომდინარე, COVID-19-ის რისკჯგუფსაც მიეკუთვნება.

საპატრიარქოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მიღებაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ყველა სტუმარს, რომელიც საპატრიარქოში მივიდა, მანამდე ტესტი ჩაუტარდა.

“ვისაც პირბადე არ ეკეთა, ნიშნავს, რომ ახალი გადატანილი აქვს კოვიდი”, – ამბობს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

“ეს შეკრება ხალხმრავლად ვერ ჩაითვლება” – ცერცვაძე

მიმდინარე პერიოდში სახელმწიფოს სადღესასწაულო შეკრებები არ აუკრძალავს, თუმცა “დაავადებათა კონტროლის ცენტრი” ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ფონზე, მსგავსი ღონისძიებები  რეკომენდებული არ არის.

თუ ადამიანი მაინც გადაწყვეტს, შეუერთდეს შეკრებას, აუცილებელია, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, მათ შორის, პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ.

ლევან რატიანი პატრიარქის იუბილეზე

რაც შეეხება სადღესასწაულო სადილებს, NCDC ამ შემთხვევაშიც მიუთითებს დისტანციისა და სხვა რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და დასძენს, რომ შეზღუდული უნდა იყოს სტუმრების რაოდენობა.

“ნეტგაზეთმა” იუბილეზე სტუმრად მისულ თენგიზ ცერცვაძეს ჰკითხა, რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანაში ყველაზე გავლენიან რელიგიურ ორგანიზაციაში მსგავსი ღონისძიების გამართვა, სტუმართა ზემოხსენებული რაოდენობით.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მიღება შეზღუდული მასშტაბებით გაიმართა. მისი თქმით, 3 იანვრის მიღება, რომელსაც თავად დაესწრო, ხალხმრავალი არ ყოფილა.

თენგიზ ცერცვაძე პატრიარქის იუბილეზე

თენგიზ ცერცვაძე პატრიარქის იუბილეზე

“…ასე გადაწყვიტა პატრიარქმა, მისი დაბადების დღე იყო. ჩვეულებრივ, სხვა წლებში, მართლა ხალხმრავალს მართავდა. ეს ხალხმრავალი არ იყო, დაახლოებით 20-მდე ადამიანი იყო, ისიც დისტანციის დაცვით, პირბადეებით და ყველაფრით”, – თქვა მან.

თენგიზ ცერცვაძეს ვუხსენეთ “დაავადებათა კონტროლის ცენტრის” რეკომენდაციაც სტუმართა რაოდენობის მაქსიმალურ შეზღუდვაზე, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ:

“როგორ გითხრათ, ეკლესიაში რაღაც შეკრებები სულ არის დისტანციის დაცვით, პირბადეებით და ა.შ. ესეც ასეთი იყო. ძალიან შეზღუდული იყო. ვერ ჩაითვლება ეს ხალხმრავლად”.

რაც შეეხება 4 იანვრის ღონისძიებას, რომელიც, კადრების მიხედვით, უფრო მასშტაბურია, ცერცვაძე ამბობს, რომ ზუსტ ნორმატივებს NCDC არეგულირებს, თავად კი მკურნალი ექიმია და აქედან გამომდინარე, ზუსტად ვერ იტყვის, შეესაბამებოდა თუ არა ამ ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა სტანდარტებს.

“ელიტიზმი”

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი არ ფიქრობს, რომ პანდემიის ფონზე საპატრიარქოსგან იუბილეს ამგვარად აღნიშვნა სწორი ნაბიჯი იყო. ის აღნიშნული ინსტიტუციის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

“საქართველოს საზოგადოება, თავისი სოციალური მოწყობით, ძალიან ელიტისტურია. ეს ყველა სფეროს ეხება.

…ჩვენ დავინახეთ, რომ [პატრიარქმა] მის დაბადების დღეზე ეს მომენტი კარგად გამოიყენა.

რადგან საქართველოში დიდი ხანია არსებობს დაუწერელი და დაურღვეველი წესი სოციალური ქცევებისა, რომ რაც სხვებისთვის აკრძალულია, დაშვებულია ვიღაცებისთვის”, – დასძენს ის.

მისი თქმით, მესიჯი არის ის, რომ “კი, არსებობს კორონა, შეიძლება… მაგრამ თუ ქვეყნის ელიტასთან ახლოს ხარ, არც ჯანმრთელობის  და არც სხვა მხრივ, პრობლემა არ შეგექმნება”.

“[რომ დადგეს დღის წესრიგში] შეკრების დასაშვებობა, ადამიანების რაოდენობა… ვინ უნდა გააკეთოს ეს? მთელი ელიტა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ამ ანტივირუსულ ღონისძიებებს აკონტროლებს, იქ იმყოფებოდა”, – ამბობს გამრეკელაშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი