ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა ვითარებაა გალში – ხანძრის კერები აფხაზეთში

6 იანვარი, 2021 • 1056
რა ვითარებაა გალში – ხანძრის კერები აფხაზეთში

დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი გალის რაიონში ლიკვიდირებულია.

“5 იანვრის საღამოს ცეცხლის კერები კვლავ იქნა აღმოჩენილი გალის რაიონში, მათ შორის, სოფლების სიდასა და ზემო ბარღებთან ახლოს. თბილმა ამინდმა და ქარმა ხელი შეუწყო ცეცხლის სწრაფად გავრცელებას. ამჟამად ხანძარი ჩამქრალია. არ არის მსხვერპლი და არ დამწვარა სახლები და საცხოვრებელი ნაგებობები”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც გუშინ ღამით გავრცელდა.

გარდა გალისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერებია გუდაუთისა და გაგრის რაიონებშიც.

ნეტგაზეთი შეეცადა ინფორმაცია გადაემოწმებინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც, რომლის მიხედვითაც, “ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერები ამ დრომდე ფიქსირდება, მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები”.

სუსის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. უწყებიდან ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში არ არის დაზუსტებული, თუ კონკრეტულად სად მდებარეობს ხანძრის კერები და შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს გალის რაიონი.

ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს გალის ადგილობრივ მოსახლეობას, რათა უშუალოდ მათგან შეიტყოს ამჟამინდელი ვითარება. მასალა მოგვიანებით განახლდება.

ფოტო გარეკანზე: დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო


ხანძარი გალში 4 იანვარს, ღამით გაჩნდა. 5 იანვრის დილით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა სამი სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია. მოგვიანებით კი გაავრცელეს ცნობა, რომ ხანძრის კერები ლიკვიდირებული იყო.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის კერების ლიკვიდაციისა და მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მცდარი იყო და ისინი დამოუკიდებლად ებრძოდნენ სტიქიას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქართულმა მხარემ შექმნილი ცხელი ხაზის მეშვეობით, დე ფაქტო მთავრობას ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარება შესთავაზა, თუმცა უწყებაში არ გვითხრეს, თუ რა გამოხმაურება მიიღეს დე ფაქტო აფხაზეთიდან.

ან დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როგორც სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალიდან ირკვევა, სავარაუდოა, რომ ხანძარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში ნარჩენების დაწვამ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი