ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში მოსახლეობა უარყოფს, რომ ხანძრები ჩააქრეს, თბილისი დახმარებას სთავაზობს

5 იანვარი, 2021 • 2325
გალში მოსახლეობა უარყოფს, რომ ხანძრები ჩააქრეს, თბილისი დახმარებას სთავაზობს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განცხადებით, გალის რაიონში 4 იანვრის ღამეს გაჩენილი ტყის ხანძარი, რომელმაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სამი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება Gal-Info ავრცელებს.

გალის რაიონის განსაკუთრებული სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ემირ ეზუხბაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ჯერ კიდევ დღეს დილით ხანძრის კერები ჩამქრალი იყო.

“ხანძრები პრაქტიკულად ჩამქრალი იყო დილის 7 საათისთვის. არ შემიძლია, რაიმე ვთქვა ხანძრის კერების მოცულობისა და რაოდენობის შესახებ. დღეს დაარსდება ზარალის დათვლის კომისია, რომელსაც უნდა აცნობონ სოფლების ხემძღვანელებმა დამწვარი ტერიტორიის ოდენობის შესახებ”, – განაცხადა ემირ ეზუხბაიამ.

მისივე თქმით, ხანძარმა გაანადგურა სამი სახლი, თუმცა არ დაშავებულა არცერთი ადამიანი. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში მონაწილეობდნენ სახანძრო ბრიგადები სოხუმიდან, გულრიფშიდან, ოჩამჩირიდან და გალიდან.

დილით დე ფაქტო მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება სამი სოფლის ევაკუაციის შესახებ, რათა ხანძრის დროს თავიდან აეცილებინათ ადამიანური დანაკარგები.

ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალა

ორგანიზაცია democracy and freedom watch, რომელიც მათ შორის, კონფლიქტის გაშუქებითაა დაკავებული, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ხანძარი ჯერ კიდევ არ ჩამქრალა. ასევე, მათი თქმით, მცდარია ის, რომ თითქოს მოხდა სამი სოფლის ევაკუაცია.

“ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, ადგილზე სახანძრო სამსახურიც მუშაობდა, თუმცა, უშედეგოდ. რამდენიმე სახლი დაიწვა. იწვის თხილნარი და ვენახი. ძლიერი ქარია, ამიტომ ცეცხლის კერების ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. წუხელ, მაშინ, როცა ჯერ მხოლოდ ზუღბაიების სახლები იყო დამწვარი, იფიქრეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ რეალურად კერები იყო დარჩენილი და ცეცხლი ისევ განახლდა. ახლა ზემო ბარღებში ყველაფერი იწვის, თუ მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობამდე მივა, ვერც ერთი სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდება“, – განუცხადა DFWatch-ს გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მკვიდრმა, 40 წლის პედაგოგმა.

ადგილობრივების განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია და ამჟამად რუსული ვერტმფრენების იმედი აქვთ.

“დაუზოგავად ებრძვის ყველა, 15-მდე სახანძრო მანქანაა ადგილზე, თუმცა წყალი არ არის. არც ჭაში და მდინარეებშიც დაბალია წყლის დონე. ქარია და ეს ყველაფერი ართულებს ცეცხლთან ბრძოლას. ერთადერთი იმედი ახლა რუსი სამხედროების ვერტმფრენია, სხვაგვარად მოსახლეობა მასობრივად დაკარგავს სახლებს“, – აცხადებს dfwatch-თან საუბრისას სოფელ ზემო ბარღების მკვირდრი ქალბატონი ლ.გ.

გალის მკვიდრმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ხანძრის არსებობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა ნეტგაზეთსაც. მისი თქმით, მოსახლეობა ძირითადად საკუთარი ძალებით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას. “ცეცხლი თხილის პლანტაციებს უკიდია, რაც მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია”, – აცხადებს იგი.

რას აპირებს თბილისი

იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ცეცხლის კერები ჯერ კიდევ არსებობს, ხოლო მისი ჩაქრობა ძნელია, ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს სახელმწიფო შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თბილისი დახმარებისთვის მზადაა და ამის შესახებ ეცნობა დე ფაქტო მთავრობასაც.

“ხანძრის გაჩენასთან ერთად გააქტიურდა ცხელი ხაზი და შეეთავაზათ მათ დახმარება ნებისმიერი მიმართულებით, დახმარება აფხაზებს შევთავაზეთ, დე ფაქტო მთავრობას, სადაც იყო ხანძარი”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, რა პასუხი მიიღო ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, სუსში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გასცემენ.

“ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ დახმარება გაეწიოთ მათ. გამოხმაურებაზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ”, – ამბობენ სუსში.

ფოტო გარეკანზე: გალი TV


ხანძარი 4 იანვრის ღამეს გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ის სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის კერები რამდენიმე სოფელშია.

ხანძრის კერებია დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთშიც. ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი