ახალი ამბები

შობის შემდეგ ალილოს მსვლელობა არ იქნება – საპატრიარქო

5 იანვარი, 2021 • 1429
შობის შემდეგ ალილოს მსვლელობა არ იქნება – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წელს, მართლმადიდებლური შობის დღეს „ალილოს“ მსვლელობა არ მოეწყობა, ხოლო მოსახლეობას სამღვდელოება მანქანებიდან დალოცავს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საშობაო წირვა ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება და მას ილია მეორე აღავლენს.

„წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება:

არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 232 079 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 222 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 646 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი