ახალი ამბები

112-ში მინდვრის ხანძრებზე 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

4 იანვარი, 2021 • 972
112-ში მინდვრის ხანძრებზე 40-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

სამეგრელოში მინდვრის ხანძრის რამდენიმე კერაა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 112-ში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მინდვრის ხანძრების შესახებ 40-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ძირითადად ბალახსა და ეკალბარდს უკიდია და ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

“ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება”, — აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი