რუსეთში პროკურატურა ანიმეების – „ნარუტოსა“ და „სიკვდილის დღიურის“ აკრძალვას ითხოვს.
საქმე ეხება სანქტ-პეტერბურგის სასამართლოში შესულ ერთ-ერთ საქმეს, რომელიც რამდენიმე ანიმაციას მოიცავს და ქალაქის სასამართლოს პრესსამსახურს განცხადების მიხედვით ბავშვების აღქმას ზიანს აყენებს.
„თითოეულ სერიაში ჩანს სისასტიკე, მკვლელობა, ძალადობა. „სასიკვდილო დღიური“ კი ანმაციაა იმაზე, რომ ღმერთს მოსწყინდა“,- ნათქვამია სასამართლოების მიერ 18 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლომ რამდენიმე ასეთი ადმინისტრაციული სარჩელი მიიღო. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე იკრძალება, თუმცა სხვა დეტალებზე და მიზეზებზე საუბარი არ არის.
ამავე სიაში მოხვდა მომღერალ MORGENSHTERN-ის სიმღერა – „მე შევჭამე ბაბუაჩემი“.
გაერთიანებულ სასამართლოთა განცხადების შემდეგ, ამავე უწყებამ Mediazona-ს დაუდასტურა, რომ პროკურატურამ მოითხოვა „ნარუტოს“ აკრძალვაც.
„ნარუტო“ და „სიკვდილის დღიური“ ანიმეთა მოყვარულებს შორის პოპულარობით სარგებლობს. „ნარუტოს“ 220 ეპიზოდი აქვს, რომელშიც ახალგაზრდა მებრძოლის – ნარუტო უზუმაკის თავგადასავალია ნაჩვენები.








