ახალი ამბები

მოვითხოვთ ხელისუფლების გააქტიურებას ტყვეობაში მყოფი მოქალაქების გასათავისუფლებლად – ქაცარავა

30 დეკემბერი, 2020 • 1369
მოვითხოვთ ხელისუფლების გააქტიურებას ტყვეობაში მყოფი მოქალაქების გასათავისუფლებლად – ქაცარავა

თბილისში, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა და საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციაში მონაწილეობდნენ მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრები და აქტივისტები.

“რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის გენადი ბესტაევი, რომელიც ოკუპანტებმა საკუთარი სახლიდან 2019 წელს გაიტაცეს. მას ორი წელი მიუსაჯეს. 2020 წლის ივლისში ოკუპანტებმა გაიტაცეს ზაზა გახელაძე. რუსებმა დაარღვიეს მათ მიერვე დაწესებული ოკუპაციის ხაზი, დაჭრეს გახელაძე და წაიყვანეს. იგი ცხინვალშია და ელოდება განაჩენს. მას დაახლოებით 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირაკლი ბებუა, რომელმაც სექტემბერში ჩაატარა სიმბოლური აქცია გალში, ოკუპანტებმა 9 წელი მიუსაჯეს”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მალავდა ერთ-ერთი მოქალაქის, ლაშა ხეთერელის გატაცების ფაქტს.

“მათ გაიტაცეს ლაშა ხეთერელიც, რომელიც ასევე 5 თვეა იმყოფება პატიმრობაში და მისჯილი აქვს ერთი წელი, ჩვენ ამის შესახებ გავიგეთ ხუთი დღის წინ. ამას ჩვენი მთავრობა მალავდა”, – განაცხადა ქაცარავამ.

დავით ქაცარავას განცხადებით, აქციის გამართვის მთავარი მოტივაცია არის საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა.

“ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე რეალურ მოქმედებებს ჩვენი ხელისუფლებისგან. იგი აიგნორებს სიტუაციას, ცდილობს, როგორღაც ჩაახშოს საპროტესტო მუხტი. ჩვენ თავის დროზე წარმატებას მივაღწიეთ და  ვაიძულეთ სახელმწიფო, რომ გამოეყენებინა მათ ხელთ არსებული ბერკეტები და გაეთავისუფლებინათ ვაჟა გაფრინდაშვილი და მაია ოთინაშვილი. ამიტომ, ახლაც ვითხოვთ გააქტიურებასა და ყველა ბერკეტის გამოყენებას, რათა დაკავებულები გაათავისუფლონ”, – ამბობს დავით ქაცარავა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები არ დაელოდებიან მხოლოდ სახელმწიფოს მოქმედებას და გეგმავენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის “შეწუხებას, სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით”.


რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალები და ადგილობრივი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები შიდა ქართლში პერიოდულად აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.

გალში მცხოვრები ირაკლი ბებუა აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს, მოგვიანებით კი აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩინეს.

“ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე”, – განაცხადა საქარათველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი