ახალი ამბები

გულზე არ მეხატება, მაგრამ ძალიან მაგრად იცავდა თავის პოზიციებს – ელისაშვილი კობახიძეზე

29 დეკემბერი, 2020 • 2296
გულზე არ მეხატება, მაგრამ ძალიან მაგრად იცავდა თავის პოზიციებს – ელისაშვილი კობახიძეზე

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის საკითხზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

ელისაშვილისთვის გაუგებარია, რატომ გააკრიტიკეს ის კობახიძეზე გაკეთებული განცხადების გამო ოპოზიციურ ფლანგზე, რადგან მას არ უთქვამს, რომ კობახიძე “ბუნჩულა და პოზიტიური” პოლიტიკოსია.

ამის შესახებ ელისაშვილმა რ2-ის ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა.

“ირაკლი კობახიძის სპიკერი არა ისა, მეტი ვერაფერი მოიგონეს, ხან დიდი ცხვირი გაქვსო… რატომ მსაყვედურობენ მაგაზე, რომ მართლა აღმოვაჩინე, რომ ცინიკური კობახიძის გარდა ყოფილა საქმიანი ირაკლი კობახიძე, რომელიც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგრად იცავდა თავის პოზიციებს. კი შემოვიდა სტუდიაში, მაგრამ მაგის გასაგონად კი არ ვამბობ, გულზე არ მეხატება და თვითონაც იცის, რომ გულზე არ მეხატება ბევრი რამის გამო. მაგრამ იქ იყო საქმიანი და მერე როგორც უნდოდათ, ისე თარგმნეს ეს ამბავი. მე არ მითქვია, ბუნჩულა და პოზიტიური იყოო, საქმიანი და კომპეტენტური იყო, ჩემდა გასაოცრად, რადგან ზიზღნარევი და სიძულვილით სავსე გამოსვლების შემდეგ მე ეს რაღაც დავინახე”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის შემდეგ გადაცემის მეორე სტუმარი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და გადაცემის წამყვანის, გურამ როგავას თქმით, სტუდიაში მყოფ კობახიზეს გაეღიმა ელისაშვილის განცხადების დროს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისშვილმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მოლაპარაკებების მაგიდასთან აბსოლუტურად განსხვავებულად და “საქმიანად” იქცევა, ვიდრე საჯარო განცხადებების გაკეთებისას.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ორი ირაკლი კობახიძე აღმოაჩინა.

“ჩემთვის აღმოჩენა არის, რომ აბსოლუტურად სხვანაირი არის იქ[მოლაპარაკებებზე] კობახიძე. როგორც ჩანს, გარეთ რაღაც როლს თამაშობს და შიგნით იყო საქმიანი, მშვიდი, წყნარი, ჩვეულებრივი. სიმართლე გითხრათ, მიკვირდა, რომ ვუყურებდი[…] მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე იქ. იქ არის ძალიან საქმიანი, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივად ზის და მუშაობს. აქ აქვს რაღაც როლი, როგორც ჩანს, რა”, — განაცხადა ელისაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.


პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მხოლოდ ის და ლევან იოსელიანი  შევიდნენ ოპოზიციის რიგებიდან პარლამენტში, თუ ელჩების შუამავლობით მიმდინარე შეხვედრებზე მმართველ პარტიასთან საარჩევნო კანონმდებლობის შეცვალზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ელისაშვილმა რ2-ის ეთერში ისაუბრა.

ელისაშვილის თქმით, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციურ ფლანგზე მხარდამჭერები არ ჰყავს: “არაფრის მეშინია, მთავარია, მე თვითონ მწამდეს იმის, რასაც ვაკეთებ და მჯეროდეს, რომ ეს ამ ქვეყნისთვის კარგია”.

კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა დანარჩენი ოპოზიციის გარეშე პარლამენტში  შესვლას, ელისაშვილმა უპასუხა.

“არც მაგის მომერიდება, ხომ სულ ასე სვამენ საკითხს. შესვლა- არშესვლაზე კი არაა, 100 მეტრში ვცხოვრობ პარლამენტიდან, პარლამენტში შესვლა რომ მეხალისებოდეს… 43 წლის ვხდები და არ ვყოფილვარ აქამდე დეპუტატი და როგორღაც მიცხოვრია, შესვლა- არშესვლაზე კი არაა, ფასს გააჩნია, რა ფასად შევალთ ჩვენ იქ. ამაზეა ლაპარაკი. რუსებს რომ აქვთ ანდაზა, ყველა თავისი გახრწნილობის მიხედვით საზღვრავსო, ვიღაცები უყურებენ, ყველას ჰგონია, რომ არიქა, ისე გვეხარბება მე და ლევან იოსელიანს ის მანდატები, ერთი სული გვაქვს, შევვარდეთ იქ. არც მაგის შეგვშინდება, თუ ეგრე იქნება, არ გამოვრიცხავ მაგას [სხვა პარტიების გარშე შესვლას]. იქ შეთანხმებას უნდა მოვაწეროთ ხელი, რომელიც ელჩებთან არის და რომელიც დაპაუზდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი საკითხია საარჩევნო წესებისა და კანონების სამართლიანად შეცვლა.

“ქვეყანა ყოველი არჩევნების შემდეგ ჯანჯღარებს. მღელვარებების ძირითადი საფუძველი არჩევნები და მისი შედეგები არ არის? უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა, რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ იყოს სამართლიანი”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი