ახალი ამბები

თუ ბანკები არ იფიქრებენ შეღავათებზე, ისინი ქვეყანას დაანგრევენ — კახიშვილი

29 დეკემბერი, 2020 • 1073
თუ ბანკები არ იფიქრებენ შეღავათებზე, ისინი ქვეყანას დაანგრევენ — კახიშვილი

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ფორსმაჟორული ვითარება ბანკებსაც უნდა შეეხოს და “მათ მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ უნდა იფიქრონ”. ამის შესახებ მან დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

კახიშვილის თქმით, ბანკები ვერ ეხმარებიან კრიზისში მყოფ ბიზნესს.

“ფაქტობრივად, ამ პანდემიის გამო ერთი წელი ბიზნესი გაჩერებულია და ძალიან ბევრი ნაწილი ბიზნესმენების უკვე გაკოტრების პირასაა მისული. ერთი მხრივ, აღებული აქვთ კრედიტები, მეორე მხრივ, ამ კრედიტებს ვერ ფარავენ, იმიტომ, რომ შემოსავლები არ არსებობს და, ამავდროულად, რაღაც ბუნდოვანი პასუხები არსებობს ბანკებიდან. კონკრეტულად, დიდად ვერაფერს ეხმარებიან ბანკები და პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ თავზე უფრო ფიქრობენ.

მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რამენაირად დაეხმაროს [ბიზნესს], ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ფორსმაჟორია, თვითონ ბანკებიც უნდა გადავიდნენ ფორსმაჟორის რეჟიმში. იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვხედავთ დახურულ კაფეებს, მაღაზიებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ფაქტობრივად ფორსმაჟორია და ეს ფორსმაჟორი რატომ არ შემოდის ქვეყანაში, რომ ბანკებსაც შეეხოთ და ცოტა იფიქრონ ამ ყველაფერზე და მხოლოდ საკუთარ მოგებაზე არ იფიქრონ?” — განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილი ამბობს, თუ ბანკები შეღავათებზე არ იფიქრებენ, ისინი ქვეყანას “დაანგრევენ”.

“თუ ბანკები დღეს არ იფიქრებენ კონკრეტულად რაღაცა ტიპის შეღავათებზე, ისინი დაანგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და დაანგრევენ ქვეყანას. ამიტომ ჯობია, დღეს ცოტა ნაკლები მოგება მიიღონ და გადაარჩინონ ქვეყანა, ვიდრე დღეს მთლიანად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები და ქვეყანა ისე გააკოტრონ, რომ მერე, წლების განმავლობაში ვეღარ აღდგება ჩვენი ქვეყანა”, — განაცხადა კახიშვილმა.

კახიშვილს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უპასუხა და თქვა, რომ საბანკო სისტემამ პანდემიის ტალღებისას სოლიდარობის მაღალი ხარისხი აჩვენა და საყვედური არ ეთქმის.

“პირველი და მეორე ტალღის პერიოდში ბანკებმა საკმაოდ სერიოზული სოლიდარობა გამოიჩინეს, გადაუვადეს ფიზიკურ პირებს და ასევე, ბიზნესსაც მაქსიმალურად შეეხიდნენ. ეს იყო პირველი ეტაპი, მერე მეორეჯერ გადაუვადეს და მესამე ეტაპზე უკვე ინდივიდუალურად გადიან. რაც მე გამოცდილება მქონია, მე მგონი, ამ ნაწილში ჩვენს საბანკო სისტემას საყვედური არ ეთქმის. შეიძლება დღეს არ გამოეკიდონ მოგებას, მაგრამ გრძელვადიანი სიმყარე მათთვის მნიშვნელოვანია და ეს გააზრებული აქვთ”, —განაცხადა მაჭავარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი