ახალი ამბები

ლომჯარიას პასუხი წულუკიანს რეპლიკაზე – „სახალხო დამცველი არ გვყავს“

28 დეკემბერი, 2020 • 1890
ლომჯარიას პასუხი წულუკიანს რეპლიკაზე – „სახალხო დამცველი არ გვყავს“

28 დეკემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო. განხილვას სახალხო დამცველი არ დასწრებია, რასაც „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან მისი კრიტიკა მოჰყვა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ  „ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს“. მოგვიანებით მას ნინო ლომჯარიამ უპასუხა სახალხო დამცველის მანდატზე განმარტებით.

წულუკიანის განცხადება

„ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის შემდეგ არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს, პირველ რიგში, მათი საქმეა“, — განაცხადა წულუკიანმა.

ამნისტიის შესახებ კანონის პროექტის განხილვაზე ომბუდმსენის არდასწრების გამო წუხილი გამოთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მან სახალხო დამცველს მიმართა, რომ განხილვებში ჩაერთოს.

„მწუხარებას გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი დღევანდელ განხილვას არ ესწრება და იმედს გამოვთქვამ, რომ ასე არ გაგრძელდება. მათი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. დისკუსიის ფუნქცია, საბოლოო ჯამში, ეს არის, რომ ერთ მხარეს უფლებების დაცვა და მეორე მხარეს საზოგადობრივი ინტერესია და აქ ყველას ჩართულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როდესაც ის, ვისაც ყველაზე მეტი მოვალეობა აქვს, ამ მიმართულებით პასიურობს, ეს, რა თქმა უნდა, ართულებს სწორი ბალანსის მონახვას უშუალოდ დისკუსიის პროცესისთვის და ეს კარგი არ არის. შესაბამისად, ვთხოვ სახალხო დამცველს, რომ ჩაერთოს ამ განხილვებში. ეს იქნება ნამდვილად პროდუქტიული“, — განაცხადა სარჯველაძემ.

ლომჯარიას გამოხმაურება

წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა და ფეისბუკზე დაწერა:

„იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!

• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე, პარლამენტს, თუმცა “პატიმრებზე მზრუნველი” მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია“.

ნინო ლომჯარია ფეისბუკზე წერს, რომ „სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ“.


„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ცოტა ხნის წინ წარადგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს 800-მდე პატიმარი დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი