ახალი ამბები

ხოშტარია ადასტურებს, რომ ევსაქებს ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ძალას აანონსებს

28 დეკემბერი, 2020 • 1113
ხოშტარია ადასტურებს, რომ ევსაქებს ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ძალას აანონსებს

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ ევროპულ საქართველოს ტოვებს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას აანონსებს. ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ევსაქებს მადლობა გადაუხადა.

“ეს არის გუნდი, რომელშიც მე, პრაქტიკულად, დავიწყე პოლიტიკური ცხოვრება, გავიარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბრძოლები და ბევრი რამ შევიძინე, ამიტომ დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს”, – მიმართა მან ევსაქების წევრებს.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არც სხვა რომელიმე უკვე არსებულ პარტიაში აპირებს გაწევრიანებას და არც პარლამენტში შედის.

“პოლიტიკური ციკლის ამ ეტაპზე მე მივიღე გადაწყვეტილება, დავიწყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთ სხვა პარტიაში არ გადავდივარ და მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლაში. არც განვიხილავ პარლამენტში შესვლის საკითხს. პოზიციები რჩება იგივე, უბრალოდ, მე მაქვს ახალი გეგმები პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახალი პლატფორმის შექმნა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და, ცხადია, ამ ყველაფერს დეტალურად გავაცნობ საზოგადოებას”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მან არ უპასუხა მედიის შეკითხვებს, რატომ ვერ მოახერხა მისი ხედვების განვითარება იმ პარტიაში, რომელშიც იყო და თქვა, რომ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი ძალის შექმნა გადაწყვიტა.

“ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია როგორც წინააღმდგეობის მოძრაობა, აქტივიზმი, ასევე, მტკიცე პოლიტიკური პროცესი. ორივე მიმართლებით ვაპირებ აქტიურობას”, – თქვა ხოშტარიამ.

პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას გამოეხმაურა ევსაქების ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, პარტიამ წინასწარ იცოდა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხოშტარია წასვლას და დამოუკიდებელ აქტივობას აპირებდა, ამიტომ  ეს მათთვის არ ყოფილა სიახლე. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა ხოშტარიას ხედვებს უფრო მეტი აქტივიზმის საჭიროების მიმართულებით.

“მინდა დავუდასტურო პოლიტიკური მხარდაჭერა და პირადი მეგობრობა”, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ პარტიასა და ელენე ხოშტარიას საერთო მიზნები ამოძრავებთ ოპოზიციურ ფლანგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი