ახალი ამბები

საქსტატი: 2019-ში უმუშევრობის დონე 17.6% იყო და არა 11.6% – რა შეიცვალა?

28 დეკემბერი, 2020 • 1685
საქსტატი: 2019-ში უმუშევრობის დონე 17.6% იყო და არა 11.6% – რა შეიცვალა?

საქსტატი აქამდე აცხადებდა, რომ 2019 წელს უმუშევრობის დონე 11.6% იყო, დღეს კი განაცხადა, რომ ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17.6% იყო. რა შეიცვალა?

ამის მიზეზი ისაა, რომ ახალმა, ILO-ს მეთოდოლოგიამ, რომლის გამოყენებაც დღეიდან დაიწყო საქართველომ, თვითდასაქმებულთა ნაწილი აღარ მიათვალა დასაქმებულებს.

როგორ ითვლებოდა აქამდე?

საქსტატის ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 11.6% იყო, ანუ ქვეყანაში 221 ათასი ადამიანი მიიჩნეოდა უმუშევრად.

„ნეტგაზეთი“ არაერთხელ წერდა, რომ უმუშევართა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იყო. ეს ახალმა მეთოდოლოგიამაც დაადასტურა.

საქმე ის არის, რომ საქსტატი, წინა მეთოდოლოგიით, უმუშევრებში არ ანგარიშობდა არცერთ თვითდასაქმებულ ადამიანს.

ზოგადად, თვითდასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში/მეურნეობაში მუშაობს.

საქსტატის თანახმადვე, თვითდასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სოფლად, საკუთარ ფერმერულ (გლეხურ) მეურნეობაში. მაგალითად, აქვს მიწის ნაკვეთი ან ჰყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას იყენებს როგორც საკუთარი მოხმარებისათვის, ასევე – გასაყიდად.

ახალი მეთოდოლოგია

ახალი მეთოდოლოგიით, თვითდასაქმებულების ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობას გამოაკლდა.

კერძოდ, დასაქმებულად აღარ ითვლებიან ის თვითდასაქმებულები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის 50%-ზე მეტს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ.

შესაბამისად, მხოლოდ ის თვითდასაქმებულები ითვლებიან დასაქმებულებად, რომლებიც პროდუქტის 50%-ზე მეტს გასაყიდად აწარმოებენ.

ამ ცვლილების შედეგად, უმუშევართა დონე 2019 წელს 11.6%-დან გაიზარდა 17.6%-მდე.

შესაბამისად, შემცირდა დასაქმების დონე: 55.7%-დან  42.7%-მდე.

წყარო: საქსტატი

როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, მეთოდოლოგიური ცვლილებების შედეგად, თვითასაქმებულთა რაოდენობა 840 ათასიდან 397 ათასამდე შემცირდა. ანუ 443 ათასი თვითდასაქმებული გამოაკლდა დასაქმებულთა სტატისტიკას.

წყარო: საქსტატი

ამასთანავე, 48 ათასი ადამიანით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა.

ცვლილება წინა წლებში

საქსტატმა დაიანგარიშა, თუ როგორი იქნებოდა წინა წლებში უმუშევრობის მაჩვენებელი ახალი მეთოდოლოგიით. შედეგი ასეთია:

წყარო: საქსტატი

საქსტატი აღნიშნულ ცვლილებას 2019 წლიდან აანონსებდა.

საქსტატი თვითდასაქმებულების ნაწილს დასაქმებულების სტატისტიკაში აღარ ჩართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი