პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფა.
“ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და შემიძლია ღიად გითხრათ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც ადრე, განათლების სამინისტროდან გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო, სამართლებრივ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ, რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება, რომელიც ამჟამად პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობს. წულუკიანმა თქვა, რომ შეთავაზების შემთხვევაში ამ პოსტზე სერიოზულად დაფიქრდება.
კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს შეუერთდა.
