სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონულ დეპარტამენტში სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა.
ომბუდსმენის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა კაცი ექსპერტების მიერ, რადგან მას განუმარტეს, რომ ექსპერტიზის დროულად ჩატარება მნიშვნელოვანი იყო, ბიუროს კი ქალი ექსპერტი არ ჰყავდა.
განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა.
“სახალხო დამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობაგამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი, მსგავსი ძალადობის შემდეგ სხვა მამაკაცი, თუნდაც, ექსპერტი შეეხოს. სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ომბუდსმენის განმარტებით, საკითხის პრობლემურობას ასევე ადასტურებს სახალხო დამცველის ბოლოდროინდელი კვლევა, რომელმაც გამოკვეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა.
“სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხშირად უარს ამბობენ ექსპერტიზაზე ექსპერტების სქესის გამო”, — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მოუწოდა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს:
- დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტებიც დაასაქმოს;
- მომავალში, საქმიანობის წარმართვისას გაითვალისწინოს ექსპერტიზის მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები;
- ასევე, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება, უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.