ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სომხეთი ნიკოლის გარეშე” – ერევანში ოპოზიციის აქცია დაიწყო

24 დეკემბერი, 2020 •
“სომხეთი ნიკოლის გარეშე” – ერევანში ოპოზიციის აქცია დაიწყო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის 16 ოპოზიციური პარტიისა და მათი მხარდამჭერების აქცია, ლოზუნგით “სომხეთი ნიკოლის გარეშე”, დღეს, 24 დეკემბერს, ერევანში,  მთავრობის სახლთან, მინისტრთა კაბინეტის სხდომის პარალელურად დაიწყო.

სომხური მედიის ცნობით, მთავრობის სახლს დიდი რაოდენობით პოლიციელი იცავს.

ოპოზიცია, რომელიც ფაშინიანის პირად პასუხისმგებლობად აფასებს ყარაბაღის ომში წაგებას, აცხადებს, რომ “სომხეთის ამჟამინდელი პრემიერი და მისი მთავრობა სომხეთისა და ყარაბაღის ეროვნულ უსაფრთხოებას დიდ ზიანს აყენებს და რაც უფრო დიდხანს დარჩება ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის სათავეში, მით უფრო დაუცველი გახდება ქვეყანა”.

ერევანში საპროტესტო აქციები 10 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის რაიონების აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მალევე დააანონსა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და პრემიერის პოსტზე ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარმოადგინა. ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვენ ასევე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები და სომხეთის აპოსტოლური ეკლესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი