ახალი ამბებიეკონომიკა

უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრიც – გახარია

23 დეკემბერი, 2020 •
უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრიც – გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს ფიქრი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე, გარდა სტრატეგიული საწარმოებისა.

გახარიას, რომელიც ახალი პარლამენტის პირობებშიც პრემიერობის კანდიდატია, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 23 დეკემბერს მოუსმინეს. შესავალ სიტყვაში გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოახერხოს „სწრაფი ეკონომიკური აღდგენა“.

მისი თქმით, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს იმ სასტარტო პოზიციებს, რაც 2019-2020 წლებისთვის ჰქონდა. მან თქვა, რომ ეს მიდგომა რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, რომლის ფუნდამენტიც არის „თავისუფალი ბაზარი და კერძო ინიციატივა“.

„ძლიერი ქართული ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით – ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელსაც ერთად უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე კონტექსტში გახარიამ თქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება და ამ მიმართულებით „ბევრის გაკეთება მოგვიწევს“. ამავე დროს, მან განაცხადა:

„ყველა იმ სახელმწიფო საწარმოზე, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, ჩვენ უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები და უნდა დავიწყოთ, პირველ რიგში, მათი ეფექტიანობის, მართვის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს, უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც“.

პრემიერმა დააზუსტა, რომ „ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს, ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულირების საგანი“.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა გავაჯანსაღოთ როგორც ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„საგადასახადო შეღავათების გადახედვა“

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის საჭიროა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა:

ეს „უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის წარმატებული განვითარების თვალსაზრისით“,- განაცხადა პრემიერმა.

„განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ფისკალური კონსოლიდაცია და დისციპლინა არის მთავრობის უაღრესად მნიშვნელოვანი მიზანი“, – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ:

„ჩვენ მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომლის ეფექტურობაც დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

გახარიას თქმით, ამას ბიზნესიც და მოქალაქეებიც „გაგებით უნდა მოეკიდონ“:

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოს შეზღუდული რესურსების თანაბრად და ეფექტიანად გამოყენება. ამიტომ საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობა იქნება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ფისკალური კონსოლიდაციის და, საერთოდ, საგადასახადო დისციპლინის ხარისხის გაუმჯობესების“.

მასალების გადაბეჭდვის წესი