ახალი ამბები

ვმუშაობთ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხებზე – ჩხენკელი

22 დეკემბერი, 2020 • 1951
ვმუშაობთ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხებზე – ჩხენკელი

განათლების მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად, მუშაობს სკოლებში ბავშვების კვებით უზრნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე. ამის შესახებ ჩხენკელმა მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის კითხვაზე, უპასუხა.

“ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე, მე დავაზუსტებ, ეს არასწორი ტერმინია, ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ და ეს ნამდვილად პრობლემაა. ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, ეს ეხება კიდევ უფრო დიდ სეგმენტს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა შევეჭიდოთ არცთუ ისე მცირებიუჯეტიან საკითხს სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან მსხვილბიუჯეტიანი პროგრამა, ამას მხოლოდ სურვილი ნამდვილად არ ჰყოფნის, მაგრამ, მე ვფიქრობ, საწყის ეტაპზე დაწყებით სკოლებში მაინც რომ გვეფიქრა… ალბათ, უკვე დროა დავიწყოთ ეს იმიტომ, რომ პანდემიის ფონზე ის პრობლემა, რაზეც მე ვისაუბრე, კიდევ უფრო გამწვავდება”, – ჰკითხა ხუნდაძემ მინისტრობის კანდიდატს.

მიხეილ ჩხენკელმა კი განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია და რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებაც არის შემუშავებული:

“ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და UNICEF-თან ერთად, დაწყებული გვაქვს უკვე ამაზე მუშაობა. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა და განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახლა. UNICEF-თან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა განხორციელდეს ეს. რასაკვირველია, კომიტეტთან ერთად გავიაროთ ეს საკითხები, რადგან ეს დაკავშირებულია სერiოზულ ფინანსებთან”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი