ახალი ამბები

“ოცნების” დეპუტატების კითხვები ძალიან პროფესიონალურ და ღრმა ცოდნას ავლენს — თურნავა

21 დეკემბერი, 2020 • 1327
“ოცნების” დეპუტატების კითხვები ძალიან პროფესიონალურ და ღრმა ცოდნას ავლენს — თურნავა

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებთან დასმული კითხვებით გამოავლინეს “პროფესიონალური და ძალიან ღრმა ცოდნა”.

ასე უპასუხა თურნავამ ჟურნალისტის რეპლიკას, რომ დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ფორმალობა იყო იმის გამო, რომ მოსმენას მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ, რადგან ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

“პრაქტიკულად, ოთხი საათის განმავლობაში ჩვენ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ვაგრძელებთ კითხვებზე პასუხს. კითხვები არის ძალიან დეტალური, ძალიან პროფესიონალური და ძალიან ღრმა ცოდნას ავლენს თითოეული დარგის და ეს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩვენ ვმუშაობდით და საფუძველს ვუყრიდით ამ რეფორმებს. მით უფრო რთულია ამ კითხვებზე პასუხი და მეტ დროს საჭიროებს იმიტომ, რომ ყველა დეტალს იცნობენ დეპუტატები და საქმის ცოდნით სვამენ ამ კითხვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება იმას, რომ არ ესწრება ოპოზიცია, ჩვენი სურვილი ყოველთვის იყო, რომ ოპოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ ბოიკოტის გზას დადგომოდა, შეესრულებინა ის დავალება, რაც მათმა ამომრჩეველმა დააკისრა”, — განაცხადა თურნავამ.

დღეს პარლამენტში ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი