ახალი ამბები

კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს — “ოცნების” დეპუტატი თურნავას

21 დეკემბერი, 2020 • 1506
კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს — “ოცნების” დეპუტატი თურნავას

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, მომავალ წელს დაგეგმილი 4.3%-იანი ეკონიმიკურ ზრდა პესიმისტურია და დარწმუნებულია, რომ მეტი იქნება.

ამის შესახებ მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მოსმენას მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრები ესწრებიან, რადგან ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

ზარქუამ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა და უთხრა, “კარგი გაგებით” არ მოასვენებს მას და მის მოადგილეებს.

“თქვენ ბრძანეთ, რომ 100 საინვესტიციო შეთავაზებაა და იქიდან 124 მილიონი. ჩემი აზრით, ძალიან ცოტა არის, ძალიან დაბალია, ეს არის 40-45 მილიონი დოლარი. როდესაც თქვენ ეს პროექტი გამოაცხადეთ, ძალიან იმედიანად ვიყავით და ახლაც ვარ. მგონია, რომ უფრო მეტი ჩართულობა გვმართებს. ალბათ, ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის პარლამენტიდან, რასაც ჩვენ შევძლებთ, მაქსიმალურად მხარს დაგიჭერთ, რომ თითოეული ინვესტორი, მათი შეთავაზება გზაში არ დაიკარგოს. ჩემზე უკეთესად იცით, ბიუროკრატია არის და გარკვეული ხარვეზები და დაგვიანებები, ეს უნდა აღმოვფხვრათ. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან კონტაქტი დაამყაროს ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა უფრო გავაძლიეროთ. ასე რომ, კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს. ეს მინდა წინასწარ მომიტევოთ”, – განაცხადა ზარქუამ.

დაახლოებით 100 ობიექტის ჩამონათვალი,ეკონომიკის სამინისტროს, ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად, აუქციონზე გასაყიდად ერთდროულად გამოაქვს. მათი ჯამური საწყისი ღირებულება 150 მლნ ლარია, მოსალოდნელი საინვესტიციო ღირებულება კი- 200 მლნ ლარი. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საპრივატიზაციო ობიექტები ძირითადად მცირე ბიზნესზეა მორგებული, თუმცა მთავრობა ამ სიას მუდმივად დაამატებს სხვადასხვა ობიექტებს. მაგალითად, ამ ობიექტებს დაემატება წყნეთის აგარაკებიც.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა.

100 საპრივატიზაციო ობიექტის ჩამონათვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი