ახალი ამბები

“ოპონენტების დევნის გაგრძელებაა” – რესპუბლიკელები კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე

17 დეკემბერი, 2020 • 1307
“ოპონენტების დევნის გაგრძელებაა” – რესპუბლიკელები კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე

საქართველოს რესპუბლიკური პარტია “ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ პროექტი, რომლის მიხედივთაც პარტიები, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსებას და უფასო სარეკლამო დროს ვეღარ მიიღებენ, პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაგრძელებაა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძემ  არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კანონპროექტის მიზანია იმ პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რომლებიც ეწევიან საპარლამენტო საქმიანობის საბოტაჟს, რაც ადასტურებს იმას, რომ ერთპარტიული პარლამენტი ვერ იფუნქციონირებს და მას არ ექნება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ლეგიტიმაცია.

“რესპუბლიკელების” განცხადებით, “ქართული ოცნება”, ნაცვლად კომპრომისების ძიებისა, აგრეძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით, ამჯერად კანონმდებლობის ცვლილების გზით:

“პოლიტიკური თვითნებობის, დევნის და უკანონობის მკაფიო დადასტურებაა მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ გაჟღერებული გეგმა მისი საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე (პოლიტიკური პარტიების თავისუფლება) და და მე-11 მუხლს (თანასწორობის უფლება).

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება შექმნან და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც თვითონვე აფინანსებენ, როგორც შემოწირულობის, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსების სახით, მათ მიერ მიცემული ხმების შესაბამისად (საქართველოს კანონი “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, მუხლი 30)” ,- აცხადებენ პარტიაში.

“რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, დემოკრატიული პროცესი არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მხოლოდ პარლამენტში საქმიანობას და აღნიშნული საკითხის ასე ვიწროდ განმარტება მიზნად ისახავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დევნას და არა რეალური დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, არჩევნების გაყალბების შედეგად შემდგარი პარლამენტის ბოიკოტირებას, როგორც პოლიტიკური ბრძოლის კანონიერ პროცესს.

“რესპუბლიკელები” მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, უარი თქვას წარმოდგენილ ინიციატივაზე, უარი თქვას არსებული პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრამავებაზე, რადგან მისი, როგორც სახელისუფლებო პარტიის, ვალდებულებაა და ტვირთია მონახოს კომპრომისი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც არ არის მისი პოლიტიკური გულშემატკივარი, მაგრამ სურს საქართველოს წინსვლა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით.

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი