ახალი ამბები

ტრანსგენდერი პატიმრის ირიბი დისკრიმინაციის გამო ომბუდსმენმა პენიტენციურ სამსახურს მიმართა

17 დეკემბერი, 2020 • 907
ტრანსგენდერი პატიმრის ირიბი დისკრიმინაციის გამო ომბუდსმენმა პენიტენციურ სამსახურს მიმართა

სახალხო დამცველმა გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს მიმართა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ მიმართა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულმა ტრანსგენდერმა პატიმარმა, რომელიც მიუთითებდა, რომ პენიტენციური დაწესებულება მის საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას არ აწვდიდა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, დაწესებულებაში მოხვედრამდე, განმცხადებელი ჰორმონალურ მკურნალობას გადიოდა, თუმცა თავისუფლების აღკვეთის შემდეგ მედიკამენტებს ვეღარ იღებს და ასევე უარი ეთქვა ენდოკრინოლოგის მომსახურებით სარგებლობაზე.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მედიკამენტებით უწყვეტი უზრუნველყოფა ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებაა.

“განმცხადებელს, თავისი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, განსხვავებული, თავის საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარის თქმით ხდება მისი სპეციფიკური მახასიათებლების იგნორირება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პატიმარმა კონსულტაცია არა ზოგადი პროფილის, არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ენდოკრინოლოგისგან უნდა მიიღოს”, — ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გაატაროს სათანადო ღონისძიებები განმცხადებლისთვის, როგორც სპეციალიზებული ენდოკრინოლოგის მომსახურებით, ასევე, ჰორმონალური მედიკამენტების შეუფერხებლად და უწყვეტად მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მასალების გადაბეჭდვის წესი