ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა

16 დეკემბერი, 2020 •
საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა

საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უწყების დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა. მას საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის სამუშაო გამოცდილება აქვს.

მათივე ცნობით, დანელია წლების განმავლობაში სს „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით.

“საინვესტიციო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში მას აქვს ორ მილიარდ დოლარზე დიდი პორტფელის მართვის გამოცდილება”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სააგენტო აცხადებს, დანელია ასევე მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცრის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. ასევე, არის CFA ინსტიტუციის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში.

“მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა, მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში”, — აცხადებს გიორგი დანელია.

10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც,  სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა.

მათივე ცნობით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ 5 კანდიდატი შეარჩია.

როგორც სააგენტო აცხადებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი