ახალი ამბები

მერიასთან ბანერის გადმოფენის გამო აქტივისტი 200 ლარით დააჯრიმეს

16 დეკემბერი, 2020 • 922
მერიასთან ბანერის გადმოფენის გამო აქტივისტი 200 ლარით დააჯრიმეს

მერიასთან ბანერის გადმოფენის გამო აქტივისტ გიორგი ღვინჯილიას 200- ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს. ამის შეხებ ნეტგაზეთს აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა უთხრა. მისივე თქმით, ბანერის გადმოფენით აფრიკის დასახლების მცხოვრებთათვის, რომლებსაც გუშინ მერიამ შენობები დაუნგრია, სოლიდარობის გამოცხადება სურდათ.

“ბანერი არ ჩამოუხსნიათ. გვითხრეს, თუ დროულად არ ჩამოვხსნით, ჯარიმებს რეგულარულად დავწერთო”, – ამბობს წიქარიშვილი.

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ  წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა არ დაენგრიათ მათი სახლები, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი