ახალი ამბები

ყაჩაღობა ვარკეთილში: წაღებულია ტექნიკა და 53 766 ლარი

15 დეკემბერი, 2020 • 1555
ყაჩაღობა ვარკეთილში: წაღებულია ტექნიკა და 53 766 ლარი

თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს დილის საათებში საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანიის “ოლ ფეი ვეის” [ლიდერ ფეი] სალარო დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კომპანიის დირექტორმა, მიხეილ დემეტრაშვილმა დაუდასტურა.

დემეტრაშვილის განცხადებით, ყაჩაღობა დღეს, 15 დეკემბერს, 09:45 საათისთვის მოხდა.

“როდესაც ჩვენი მოლარე აღებდა ოფისს, უკნიდან თავს დაესხა ორი ბოროტმოქმედი, დანის გამოყენებით აიძულეს სალაროს გაღება და არსებული თანხა გაიტაცეს. ამასთან, დაამტვრიეს ყველაფერი, რაც იყო სალაროში და შეიძლება გადაღებასთან ყოფილიყო ასოცირებული. ასევე წაიღეს ტექნიკაც”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კომპანიის დირექტორმა.

დემეტრაშვილის თქმით, ტექნიკის გარდა, სალაროდან წაღებულია 53 766 ლარი.

განმარტება: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეწერა, რომ დააყაჩაღეს კომპანია “ლიდერბეთის” ტოტალიზატორი. “ნეტგაზეთი” კომპანიის ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ “ლიდერბეთი” თანამშრომლობს კომპანია “ოლ ფეი ვეისთან”, რომლის ოფისიც დააყაჩაღეს. დამატებითი კომენტარისთვის კი კომპანიის დირექტორთან, მიხეილ დემეტრაშვილთან დაგვაკავშირეს. მიხეილ დემეტრაშვილის თქმით, “ოლ ფეი ვეის” კონტრაქტი აქვს კომპანია “ლიდერბეთთან”, თუმცა “ლიდერბეთი” და “ოლ ფეი ვეი” [ლიდერ ფეი] ორი სხვადასხვა კომპანია.

კომპანიის დირექტორის განმარტების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება ტოტალიზატორის დაყაჩაღების ფაქტზე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი