ახალი ამბები

2021 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები

15 დეკემბერი, 2020 • 1332
2021 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები

თბილისის მერიამ საკრებულოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. პროექტი საბოლოო არ არის და საკრებულოს შეუძლია ქალაქის მთავრობას შენიშვნებით კიდევ დაუბრუნოს ცვლილებების შესატანად.

12 დეკემბრის პროექტით მომავალ წელს თბილისის ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით მილიარდი ლარი იქნება. ეს 28 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე. მომავალ წელს მერიის გათვლით ქალაქის ბიუჯეტმა შემოსავლების სახით 1 020 159,3 ათასი ლარი უნდა მიიღოს, საიდანაც გადასახადებზე დაახლოებით 657 მლნ ლარი მოდის. აქედან დამატებითი ღირებულების გადასახადი –  462 მლნ ლარი; საწარმოთა ქონებაზე გადასახადი- 160 მლნ ლარი; ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადი- 19 მლნ ლარი, მიწაზე ქონების გადასახადი კი-16 მლნ ლარი.

პროექტის მიხედვით, 2021 წელს იგივე დარჩება დასაქმებულთა რაოდენობა მერიის სამსახურებში, 3 952 პირი. დაახლოებით 6 მლნ ლარით გაიზრდება მომავალ წელს შრომის ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2020 წელთან შედარებით და 72 მლნ ლარს გადააჭარბებს. მომავალ წელს დაახლოებით 82 მლნ ლარით შემცირდება მერიის ხარჯები და 782 მლნ ლარი იქნება .

2021 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით თითქმის სამი მილიონით მცირდება ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე გამოყოფილი თანხა და, ჯამში, 10 მლნ ლარს შეადგენს.

“გრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, როგორიცაა ავარიული შენობების გამაგრება 10 000,0 ათას ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, სავარაუდოდ, 22 შენობის გამაგრება”,-წერია განმარტებით ბარათში. ჯამში, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრებაზე 2021 წელს 194.6 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

დაახლოებით 8.4 მლნ ლარით, 154 მლნ ლარამდე გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფაზე გამოყოფილი თანხმები. თითქმის 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი 2020 წელთან შედარებით უფასო სასადილოების დაფინანსება და ის დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენს.

ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაზე გამოყოფილია თითქმის 150 მლნ ლარი. მერიის ინფორმაციით, პრიორიტეტის ფარგლებში გამწვანების ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 74 298,0 ათასი ლარი, მათ შორის სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 41 773,2 ათასი ლარი (ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ზღვის უბნის (დენდროლოგიური) პარკის მოწყობა და ვარკეთილის II მ/რ-ში ურბანული პარკის რეაბილიტაცია-მშენებლობა).

მასალების გადაბეჭდვის წესი