ახალი ამბები

ივანიშვილთან ბრძოლა არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს წინ არ აღვუდგებით — ხაზარაძე

14 დეკემბერი, 2020 • 1419
ივანიშვილთან ბრძოლა არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს წინ არ აღვუდგებით — ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის “რევოლუციურ მოწოდებებს” იზიარებენ.

ასე გამოეხმაურა “ტვ პირველის” ეთერში მამუკა ხაზარაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. სააკაშვილი Current Time-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებას და პარლამენტს ხალხი ჩამოანგრევს.

“რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამას არ ეთანხმება. ბუნებრივია, ოპოზიცია, უფრო სწორად, კი არა ოპოზიცია, არამედ ხალხი, ვინც მოიგო არჩევნები, ვალდებული იყო დამორჩილებოდა ქართველების ნებას. გამოკითხვების თანახმად, ქართველთა აბსოლოტური უმრავლესობა ამ პარლამენტის ლეგიტიმიზაციის წინააღმდეგია. ვფიქრობ, სიტუაცია ძალიან მარტივია. ისევე, როგორც მოხდა ყირგიზეთში, უკრაინაში, საქართველოში 2003 წელს, როგორც ახლა ხდება ბელარუსში. ამ ხელისუფლებას და პარლამენტს ხალხი უბრალოდ ჩამოანგრევს. იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში არავის არ შეუძლია მოიპაროს ხმები ისე, როგორც საქართველოში მოხდა”, —განაცხადა სააკაშვილმა.

ხაზარაძის თქმით, “ლელო” მყარად დგას პოზიციაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდეს. მისი თქმით, თუ შეთანხმება არ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ მიდიან და რევოლუციას აწყობენ.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, “ლელო” კატეგორიულად ეწინააღმდეგება რევოლუციურ სცენარს, ისევე, როგორც “ელჩებზე თავდასხმას”.

“მე მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი და თანაგუნდელების პოზიცია. ის, რომ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმს და მის ერთმმართველობას ვებრძვით და გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გამოვტაცოთ მის ერთპიროვნულ მმართველობას, არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ მოწოდებებს, ასე ვთქვათ, წინ არ აღვუდგებით. მინდა, ეს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ყოველგვარ რევოლუციურ და მსგავს მოწოდებებს ვემიჯნებით ახლავე”, — განაცხადა ხაზარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი