ახალი ამბები

“პარიზიდან ვუყურებდი ძალიან დიდ ჯიკაობას” — ელისო ბოლქვაძე 20 ივნისის დარბევაზე

13 დეკემბერი, 2020 • 1643
“პარიზიდან ვუყურებდი ძალიან დიდ ჯიკაობას” —  ელისო ბოლქვაძე 20 ივნისის დარბევაზე

“ქართული ოცნების” ახალი სახე, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარიზიდან “ძალიან დიდ ჯიკაობას” უყურებდა.

ბოლქვაძეს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ იცოდა რა მოხდა 20 ივნისს, რაზეც უპასუხა, რომ “რაღაც საშინელება” მოხდა.

“რა? თქვენ მეუბნებით, რომ რაღაც საშინელება მოხდა. ვინ დათხარა თვალები[ახალგაზრდებს]?… თქვენ თუ იცნობთ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანას, როდესაც შევარდებიან პარლამენტში და უნდათ…”, — განაცხადა ბოლქვაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პარლამენტში არავინ არ შევარდნილა, ბოლვაძე პასუხობს, რომ პარიზიდან “დიდ ღელვებს” უყურებდა.

“არავინ არ იდგა? შეტაკება არ მოხდა? მე ვუყურებდი პარიზიდან ძალიან დიდ ღელვებს, ძალიან დიდ ჯიკაობას. ჯიკაობა იყო საშინელი, არ იყო? რატომ არ ვიცი, მაგრამ ხომ იყო ეს?” — აცხადებს ბოლქვაძე.

ჟურნალისტის შეხსენებაზე, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ბოლქვაძე ამბობს, რომ ახალგაზრდები უნდა ისხდნენ და მეცადინეობდნენ.

“ახალგაზრდობა უნდა იყოს დაინტერესებული თავისი წინსვლით, უნდა იჯდეს, იმეცადინოს და წარმატებებს მიაღწიოს”, — აცხადებს ბოლქვაძე.


საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი