ახალი ამბები

ბელარუსში პოლიციამ 130-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

13 დეკემბერი, 2020 • 700
ბელარუსში პოლიციამ 130-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ბელარუსში პოლიციამ 130-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია Viasna-96-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რამდენიმე თვეა ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ყოველკვირეული საპროტესტო აქცია იმართება.

კვირას ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში 120-ზე მეტი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ბელარუსში საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით გამარჯვებულად ისევ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა, რომელიც 26 წელია, ქვეყანას მართავს. პოლიციის წინააღმდეგობისა და მასობრივი დაკავებების მიუხედავად, პროტესტის მასშტაბები მალე გაიზარდა.

ოპოზიცია და დემონსტრანტები არ ენდობიან ოფიციალურ რიცხვებს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. თავად ლუკაშენკოს თქმით, გადადგომას არ აპირებს და ხელახალი არჩევნების შესაძლებლობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ ხედავს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ პრეზიდენტის ფიცი დადო სექტემბერში, ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომლის თარიღიც გასაიდუმლოებული იყო. ცერემონია, რომელიც დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით არ გადაიცემოდა.

არჩევნების შედეგებს აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი