ახალი ამბები

დღეს ნაცი “ოცნების” მომხრეზე გაცილებით უკეთესია — ფოფხაძე

11 დეკემბერი, 2020 • 1480
დღეს ნაცი  “ოცნების” მომხრეზე გაცილებით უკეთესია — ფოფხაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება მორალურად სწორი გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომელიც ბოიკოტს მხარს უჭერს, დღეს “ქართული ოცნების” მომხრეზე უფრო მორალურია. ის “ქართული ოცნებას” “უზურპატორ დაჯგუფებას” უწოდებს:

“მე ძალიან სოლიდარული ვარ, მიმაჩნია, რომ ეს[ბოიკოტი] არის ის მორალური თამასა, რომლითაც ოპოზიცია ახერხებს,  ქართველ ხალხს დაუმტკიცოს თავისი ერთგულება, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი[…] ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ის ნაცი, რომელიც დღეს მორალურ პოზიციაზე დგას, გაცილებით უკეთესია იმ “ოცნების” მომხრეზე, რომელიც 2012 წელს შეიძლება მორალურ პოზიციაზე იდგა, მაგრამ დღეს უბრალოდ ემსახურება ერთი კაცის კერძო ინტერესებს. მიმაჩნია, რომ ის ადამიანები,  ვინც დღეს შევიდნენ პარლამენტში, ისინი შევიდნენ სისხლის სამართლის დანაშაულის შესრულების პროცესში”, — განაცხადა ფოფხაძემ 11 დეკემბერს “ტვ პირველის” ეთერში.

ფოფხაძე პირობას იძლევა, რომ სანამ “ივანიშვილის ხელისუფლება” არ შეიცვლება, არცერთ ოპოზიციონერზე, რომელიც “მართლა იბრძვის”, ნეგატიურს და კრიტიკულს არაფერს არ იტყვის.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორად მოქმედებენ და მიაჩნია, რომ მათთან ერთად ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა შეიძლება.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი მაქვს: ნაცებთანაც, “ლელოსთანაც”, “გირჩთანაც” და ა.შ. მაგრამ დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მზად არის, რომ მორალური თამასა დაიკავოს და ამიტომ ვუცხადებ ჩემს საჯარო პატივისცემას ნიკა მელიას და ხატია დეკანოიძეს, რომელთა ქმედებებიც ამ ბოლო დროს, მიმაჩნია, რომ ყველაზე სახელმწიფოებრივად სწორი და მორალურად სწორი იყო.

მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობენ და ამ ფორმალურ მხარეს ბოლომდე იცავენ, სწორედ თავისი ხალხის ერთგულებას აფიქსირებენ თავისი საქციელით, ამიტომ მათი პარტიულობა საერთოდ არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ეს ის ხალხია, ვისთან ერთადაც საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა შეიძლება”, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი