ახალი ამბები

უისტორიულესი მომენტია ეს შეთანხმება – ელისაშვილი მოლაპარაკებებზე

11 დეკემბერი, 2020 • 1012
უისტორიულესი მომენტია ეს შეთანხმება – ელისაშვილი მოლაპარაკებებზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი “უისტორიულესს” უწოდებს მოლაპარაკებებს, რომლებიც ელჩების მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს. ელისაშვილი ფეისბუქ ლაივში საკუთარი ოფისიდან ჩაერთო და ოპოზიციის ის ლიდერებიც გააკრიტიკა, რომელთაც დღეს, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, მანდატებზე კიდევ ერთხელ თქვეს უარი.

“მოქალაქეების” პოზიციაა, რომ მანდატებზე იურიდიულად უარი არ თქვან, სანამ ხელისუფლებასთან ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკება საბოლოო შედეგით არ დასრულდება. მანამდე არც პარლამენტში შედიან.

“მაგრად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე. ჩვენ ვიძახით, რომ უისტორიულესი მომენტია ის შეთანხმება, იმიტომ, რომ ჩვენ “ქართულ ოცნებას” რაღაცები გამოვგლიჯეთ ნამდვილად, ელჩების მეშვეობით. ოღონდ ეს მარცხზე არ მიუთითებს, ნამდვილად ვამბობ.

…იმ მოლაპარაკებებზე თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესი გვექნება, იქიდან ყველა გამარჯვებულები გამოვალთ. იქიდან არავინ გამოვა დამარცხებული.

ვიღაცები უბრალოდ ძალიან შერცხვენილები გამოვლენ, თან რომ მანდატებს ხევენ და თან რომ მოალაპარაკებაზე წამოვლენ და ხელს მოაწერენ. მაგრამ ისიც მათი არჩევანია, ესეც ჩვენი არჩევანია. თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის გამბედავი და ვინ არის ორჭოფი”, – აღნიშნა მან.

ელისაშვილის თქმით, მისი პარტია საზოგადოების წინაშე მართალია და მოქალაქეები ამაში ყოველდღიურად დარწმუნდებიან.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ და მანდატებზე კიდევ ერთხელ თქვეს უარი, “გულის სიღრმეში ოცნებობენ, რომ პარლამენტში მოხვდნენ”.


მანამდე, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მისვლას არ აპირებდა, თუმცა არც მანდატების გაუქმებას აწერს ხელს და გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების შედეგების შესაბამისად მიიღებს.

ის პარლამენტში შესვლის წინაპირობად საარჩევნო სისტემაში ცვლილებებსა და იმ ადამიანების პატიმრობიდან გათავისუფლებას ასახელებს, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. გასულ დღეებში მან ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ მიტანილ საკითხებზე “ქართულმა ოცნებამ” “უკან დაიხია”, თუმცა ელისაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი