ნეტგაზეთი | ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები 2020 წელს | სახალხო დამცველის შეფასება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები 2020 წელს | სახალხო დამცველის შეფასება – Netgazeti
Batumelebi | RU

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები 2020 წელს | სახალხო დამცველის შეფასება

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს საქართველოში 2020 წელს ამ კუთხით არსებულ გამოწვევების შესახებ საუბრობს.

განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს, ნინო ლომჯარია ისეთ საკითხებზე საუბრობს, როგორიცაა პანდემიით გამოწვეული კრიზისი, ხარვეზიანი არჩევნები, შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტები და სხვა.

„2020 წელს საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია“, – ამბობს სახალხო დამცველი.

კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად ლომაჯრია საპარლამენტო არჩევნებს ასახელებს, რომლის შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა. სახალხო დამცველი ასევე საუბრობს არჩევნების დღეს ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე.

არჩევნებზე საუბრისას, ლომჯარია ამბობს, რომ ხარვეზიანმა შედეგებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა, რასაც თან მოჰყვა შეკრებისა და თავისუფლების უფლების შეზღუდვებიც:

„სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული,“.

ლომჯარიას თქმითვე, შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზაციაზე უარყოფითად იმოქმედა სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმაც. ამასთანავე, როდესაც საუბარია საპროტესტო აქციებზე, სახალხო დამცველი დასძენს, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც არაერთ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციაზე გათბობის მიზნით შეშის მიტანაში ხელშეშლის ფაქტებს.

„გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიება დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს, მოქალაქეზე ძალადობისთვის მხოლოდ 3 პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, რაც ამ დრომდე გაუზიარებელია“.

2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებით. სახალხო დამცველი ამბობს, რომ საგამონაკლისო საქმით სწავლობს გიორგი შაქარაშვილის, ლუკა სირაძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. სამივე საქმის განხილვისას აპარატი ამბობს, რომ გამოძიება ან ხარვეზიანად მიმდინარეობდა, ან ეფექტური არ იყო.

„სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად და დეტალურად სწავლობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს. აპარატის თანამშრომლები ეცნობიან დაცვის მხარის მიერ მოწოდებულ საქმის მასალებს, გავმართეთ შეხვედრები გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან. ჩვენი შესწავლის საგანია ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ბრალდებულთა მიერ განხორციელებული საქმიანობა დანაშაულებრივ ქმედებად (მათ მიერ საკითხის კომისიისთვის წარდგენის, გადაწყვეტილების კოლეგიურად მიღებისა და სხვა უწყებების მონაწილეობის ფაქტის გათვალისწინებით).

ამ საკითხზე კვლავ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვება და ჩვენი საბოლოო შეფასებაც საქმის მასალების სრულად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ საქმეში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ასევე მოიცავს საქმის შეფასებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტით (შესაძლო პოლიტიკური მოტივი მართლმსაჯულების განხორციელებისას)“.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ 2020 წელს ასევე ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას, რაც გამოიხატებოდა იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან არაერთგზის სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების პატიმრებთან ვიზიტების ამსახველი ვიდეომასალისა და ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების ფაქტებში.

სახელმწიფო ინსპექტორმა ვიდეომასალის გამოქვეყნების ნაწილში იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა. ამასთანავე, სახალხო დამცველისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, სასამართლომ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, მათ შორის პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, სამართალდამრღვევად ცნო.

2020 წელს, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია დევნილთა უფლებრივი მდგომარეობაც და ყურადღებაგაამახვილა  მათი განსახლების გადაუწყვეტელ პრობლემაზე. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ასევე პრობლემურად რჩება, ზოგადად, თანასწორობის უფლება ქვეყანაში – სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულები და დიკსრიმინაციის შემთხვევები.

ამასთანავე, აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების, ოჯახში ძალადობისა და ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხები.  სახლახო დამცველი ამბობს, რომ პანდემიამ და ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებათა დახურვამ გაზარდა ქალთა მიერ გაწეული ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი.

რაც შეეხება ფემიციდს, სახალხო დამცველის აპარატი ამბობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა განსაკუთრებით დამძიმდა, ვინაიდან ისინი მოძალადეებთან ერთად ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ.

„2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი“, – ამბობს სახალხო დამცველი.

„პარლამენტმა მიიღო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ამ დრომდე არ განსაზღვრულა გაეროს შშმ პირთ უფლებების კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. ასევე, არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც აბრკოლებს შშმ პირებს, უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ“.

„განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობაზე დამოკიდებული ხანდაზმული პირები. შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ხანდაზმული პირებისთვის შინმოვლის პროგრამის განხორციელებისა და პალიატიურ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რაც შეზღუდულად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები პროგრამების გეოგრაფიული არეალის გაფართოებისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ნინო ლომჯარია.

განცხადებაში საუბარია კიდევ ერთ გადაუჭრელ პრობლემაზე – ბავშვთა სიღარიბეზე და ცხოვრების არასათანადო დონეზე – „ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა,“.

„კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად, ქვეყანაში შემოღებულმა საგანგებო ღონისძიებებმა სერიოზული პრობლემები შექმნა უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის კუთხითაც. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში – ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება. ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან ის უსახლკარო პირები, რომლებიც თვითმოვლას ვერ ახერხებენ, რადგან თავშესაფრები უარს აცხადებენ მათ მიღებაზე, რაც უსახლკაროებს, განსაკუთრებით ზამთარში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს,“.

„სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში“ ,- ამბობს ნინო ლომჯარია.

ამავე განცხადებაში ლომჯარია საუბრობს მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოსამართლეთა არჩევის, კონფლიქტით დაზარალებულ და ემიგრანტთა უფლებებისა და სხვა საკითხებზე. სრულად ვრცელი განცხადება წაიკითხეთ აქ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან