ახალი ამბები

SpaceX-ის ხომალდი Starship ტესტირების შემდეგ, დაშვებისას აფეთქდა

10 დეკემბერი, 2020 • 1309
SpaceX-ის ხომალდი Starship ტესტირების შემდეგ, დაშვებისას აფეთქდა

SpaceX-ის ხომალდ Starship-ის პროტოტიპი სატესტო გაფრენის შემდეგ დაშვებისას აფეთქდა. შემთხვევა ტეხასში მოხდა.

პირდაპირ ეთერში გადაცემულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ხმელეთზე დაშვებას რაკეტა, რომელსაც ავტოპილოტი მართავდა. ამ მომენტში ის აფეთქდა და ცეცხლის ალში გაუჩინარდა.

მიუხედავად ექვს-ნახევარწუთიანი ტესტირების კატასტროფული დასასრულისა, როგორც “გარდიანი” წერს, ილონ მასკი მაინც აღტაცებული ჩანდა.

“მარსო, ჩვენ მოვდივართ” – დაწერა საკუთარ ტვიტერის გვერდზე კომპანიის ხელმძღვანელმა.

ხომალდი Starship, რომლის პროტოტიპიც ტესტირებისას აფეთქდა, ილონ მასკის კერძო კოსმოსური კომპანიის მიერაა შექმნილი და მას შეუძლია როგორც ადამიანების ტრანსპორტირება, ასევე, 100 ტონამდე ტვირთის გაგზავნა მარსისა და მთვარის სამომავლო მისიებზე.

სატესტო ფრენის ფარგლებში დაგეგმილი იყო 12 500 მეტრის სიმაღლის მიღწევა. რაკეტას SpaceX-ის სამი ახალი ძრავა აქვს, რომელიც პირველად გამოიყენეს.

ინციდენტის შემდეგ ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო ამ ტესტირებისგან, რომელიც სჭირდებოდა, აფეთქება კი, მისი თქმით, საწვავის ავზში დაბალმა წნევამ გამოიწვია.

Starship-ის გაშვება კომპანიამ პირველად სამშაბათს სცადა, თუმცა გაშვებამდე ერთი წამით ადრე ძრავის ხარვეზის გამო მისია ავტომატურ რეჟიმში შეწყდა.

Starship-ის შესაქმნელად ილონ მასკის კომპანიამ Nasa-სგან 135 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. პარალელურად, Nasa-მ ასევე დააფინანსა ჯეფ ბეიზოსის Blue Origin და კომპანია Dynetcis.

სამივე კომპანია Nasa-ს არტემისის პროგრამაში მონაწილეობისთვის კონტრაქტის განახლებისთვის იბძვრის, რომლის ფარგლებშიც მომავალ ათწლეულში მთვარეზე პილოტირებული ექსპედიციების ჩატარება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი