ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა მთავარი გამოწვევები 2020 წელს | საიას შეფასება

10 დეკემბერი, 2020 • 1495
ადამიანის უფლებათა მთავარი გამოწვევები 2020 წელს | საიას შეფასება

10 დეკემბერი ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით “საქართველოს იურისტთა ასოციაცია” [საია] მოკლე შეფასებას აქვეყნებს, რომელშიც მიმოიხილავს საქართველოში 2020 წელს არსებულ გამოწვევებსა და სიტუაციას.

ორგანიზაცია წერს, რომ 2020 წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით განსხვავებული გამოწვევებით იყო სავსე, რაც Covid-19-ის პანდემიით იყო გამოწვეული. ვირუსის გავრცელებამ მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყო სიღარიბის გაზრდას, უთანასწორობისა და ადამიანის უფლებათა სხვა პრობლემური საკითხებით გაღრმავებას.

“საიას შეფასებით, წლის განმავლობაში პრობლემურ თემებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის მიერ საკარანტინო ღონისძიებების განსაზღვრის უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, მთელი რიგი მოწყვლადი ჯგუფების მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დატოვება, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ თანამდებობის გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი პროცედურებით დაკავება, სისხლის სამართლის პროცესების საჯაროობის კუთხით არსებული პრობლემები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დარღვევებით ჩატარება და სხვა საკითხები”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საია-ში ამბობენ, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, საქართველოშიც იყო დადებითი ნაბიჯებიც, რაც საქართველოს შრომის კოდექსში შესული ცვლილებებია, “რომლითაც გარკვეულწილად გაუმჯობესდა დასაქმებულთა შრომითი უფლებები”:

„განსაკუთრებით მისასალმებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და მისი უფლებამოსილებების გაზრდა. თუმცა, სამწუხაროდ, ცვლილებებმა მხოლოდ ფრაგმენტულად უპასუხა ქვეყანაში არსებულ მძიმე შრომით პირობებს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, დასაქმებული პირების უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა.

აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო სამედიცინო სექტორში დასაქმებულ პირებს (ექიმები/ექთნები/სანიტრები), მაღაროებსა და შახტებში დასაქმებული პირების ისედაც მძიმე შრომითი პირობები პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, პრობლემურია მეტროს თანამშრომლების სამუშაო პირობები და სხვა. ქვემოთ წარმოდგენილია განცხადების სრული ვერსია, სადაც დეტალურად არის აღწერილი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც საია-მ 2020 წლის განმავლობაში გამოავლინა“, – აცხადებს საია.


72 წლის წინ, 1948 წლის 10 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. დეკლარაცია არის გარდამტეხი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებას, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი აღინიშნება ყოველწლიურად, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე.

მასალების გადაბეჭდვის წესი